რონალდო, "ლესტერი" და 2016 წელის კიდევ 8 მოვლენა, რომელიც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა

30-12-2016, 20:47

2016 წელი რამდენიმე საათში მიილევა, ბოლო საფეხბურთო მატჩები 31 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგაში გაიმართება. ეს წელი მართლაც გამორჩეული იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის ისტორიაში. მაყურებელი ბევრი დასამახსოვრებელი და დრამატული ეპიზოდის მომსწრე გახდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამორჩეულია "ლესტერის" მიერ პრემიერლიგის მოგება. ამ მოვლენაზე ბევრი კიდევ ძალიან დიდხანს ისაუბრებს.

FOOTBALLNEWS.GE-იმ უკვე მიმავალ წელს გადახედა და გულშემატკივრისთვის გამორჩეული საფეხბურთო მოვლენები გაიხსენა.

2016 წლის ყველაზე მასშტაბური სენსაცია უკვე აღნიშნული "ლესტერის" ჩემპიონობა იყო. კლაუდიო რანიერის გუნდს სეზონის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის მოგებისთვის 5000 კოეფიციენტს აძლევდნენ და გულშემატკივართა უმეტესობა ჩემპიონატის მთავარ აუთსაიდერად მიიჩნევდა, თუმცა რანიერის ბიჭებმა მსოფლიოს დაანახეს, რომ ფეხბურთში მთავარი ფული ჯერ კიდევ არაა, მხოლოდ 23 მილიონად შეფასებულმა გუნდმა პლანეტაზე მცხოვრები ყველა ფეხბურთის ქომაგი შოკში ჩააგდო, 81 ქულით "მელიებმა" ინგლისის ჩემპიონატში პირველობა არავის დაუთმეს.

წლევანდელ წელს 2 მნიშვნელოვანი სანაკრებო მოვლენა ივნისში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. ორივე მათგანის ჩემპიონი ტურნირის დაწყების წინ მთავარ ფავორიტთა შორის არ განიხილებოდა. დავიწყოთ ევროპის ჩემპიონატით. პორტუგალიის ნაკრებმა არითმიული თამაშის მიუხედავად, ბებერ კონტინენტზე პირველობა არავის დაუთმო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელები საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპსაც ვერ გაივლიდნენ, რომ არა უეფას ცვლილება, ევროპირველობაზე გუნდების რაოდენობის 16-დან 24-მდე გაზრდის შესახებ. საბოლოო ჯამში, 7 დან 6 შეხვედრაში ნათამაშები ფრის მიუხედავად, კრისტიანო რონალდომ და კამპანია ევროპას ყველაზე მაღალი წერტილიდან გადმოხედეს.

ლიონელ მესის სანაკრებო დონეზე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგების შანსი ისევ ჩილემ წაართვა. აშშ-ში გამართულ კოპა ამერიკას საიუბილეო გათამაშებას წინა ტურნირის ფინალის გამეორება ჰქონდა, ანალოგიური სცენარით. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ჩილე და არგენტინა შეხვდნენ. როგორც 2015 წელს, წლევანდელი გათამაშების ფინალიც 0:0 დასრულდა და ყველაფერი ისევ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, დასასრულიც მსგავსი აღმოჩნდა, ჩილე სამხრეთ ამერიკაში ისევ საუკეთესოა.

ისტორიაში მე-11 ჩემპიონთა ლიგა მოიგო მადრიდის "რეალმა". სეზონის დასასრულამდე რამდენიმე თვით ადრე მადრიდულ გუნდს სათავეში ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ჩაუდგა, რომელმაც ფეხბურთელები ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "სამეფო გუნდმა" თანაქალაქელი "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა.

უკვე აღნიშნული ბევრი მოვლენის მთავარი მოქმედი პირი კრისტიანო რონალდო გახლდათ. პორტუგალიელს წლის ბოლოს გარჯა France Football-მა დაუფასა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეოთხედ დაასახელა.

2016 წელს ევროპულ გრანდებში ბევრი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა. ზინედინ ზიდანის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ასევე დამრიგებელი შეიცვალა ლონდონის "ჩელსიმ", გუნდს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, ხოლო "იუნაიტედის" თანაქალაქელი "სიტი" პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. თავის მხრივ, გვარდიოლას ადგილი "ბაიერნში" კარლო ანჩელოტიმ დაიკავა.

2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორი "ბარსელონას" ურგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახდა. მიმდინარე წლის მსვლელობისას სამხრეთ ამერიკელმა პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული, "ოქროს ბუცი" დაისაკუთრა.

ბრაზილიის ნაკრები საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. სამშობლოში გამართულ ოლიმპიადაზე ნეიმარმა და კომპანიამ პირველობა არავის დაუთმეს. ფინალურ შეხედრაში "პენტაკამპეონებმა" გერმანიის ოლიმპიური ნაკრები დაამარცხეს.

2016 წლის ნოემბერში მომხდარმა კატასტროფამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. კოლუმბიაში მიმავალი ბრაზილიური "შაპოკოენსეს" თვითმფრინავი მედელინში ჩამოვარდა, რასაც 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2016 წელს ისევ არაფერი შეცლილა ქართული ფეხბურთისთვის. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა ნაადრევ ეტაპზევე კრახით დაასრულეს. ქვეყნის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი კი რამდენიმე დღის წინ "სამტრედია" გახდა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი მოვლენა 2016-ში მაინც მოხდა. 7 ივნისს მთელი საეხბურთო სამყარო ჩვენს ნაკრებზე საუბრობდა. თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი ესპანეთის ნაკრები მადრიდში, "ალფონსო პერესის" სახელობის სტადიონზე დაამარცხა.

იმედი დავიტოვოთ, 2017 წელი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მომავალ წელი სანაკრებო პერიპეტიებით დახუნძლული არაა, თუმცა საკლუბო დონეზე ბევრი დრამატული სანახაობა მაინც გველოდება. მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც იმედია თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ და ითამაშებენ მათთვის, ვისაც ეს სპორტი ეკუთვნის - რა თქმა უნდა, საუბარია ფეხბურთის მოყვარულებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 


საინტერესო

  • beka10
  • 30 დეკემბერი 2016 20:58
იმედია 2017 წელს რომელიმე ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ან ევორპის ლიგაზე გავა.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით