• 06-07-2023
    4 კლუბი, რომლებსაც მიქაუტაძე შესანიშნავად მოერგებოდა
    4 კლუბი, რომლებსაც მიქაუტაძე შესანიშნავად მოერგებოდა
    Author of the article
    Aa

    გიორგი მიქაუტაძის მომავალი ქართველი გულშემატკივრისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგაა. ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ და ჯერ ბოლომდე მისი "მეცში" დარჩენაც არაა გამორიცხული.

    კონკრეტულად არსად თქმულა, რომ გიორგი თავის ამჟამინდელ გუნდს აუცილებლად დატოვებს, თუმცა "მეცმა" ბელგიური "სერენიდან" 23 წლის შემტევი, სიმონ ელისორი იყიდა. მოდის კი ელისორი მოზელში მიქაუტაძის პოტენციური შემცვლელის სტატუსით? ეს წესით მალე უნდა გავიგოთ.

    მანამდე კი შემოგთავაზებთ 4 კლუბს, რომლებსაც საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი იდეალურად მოერგებოდა.:

    მილანი

    "მილანის" მიერ გიორგით დაინტერესებაზე იტალიურ პრესაში რამდენიმე კვირის წინ დაიწერა. "როსონერი" ქართველისთვის შესანიშნავი ვარიანტი რამდენიმე მიზეზის გამო უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, ეს ცენტფორვარდის პოზიციაზე გუნდში კონკურენციის ნაკლებობაა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა, დივოკ ორიჯი ჩემოდნებზე ზის, რაც მიქაუტაძის ერთადერთ პოტენციურ კონკურენტად 36 წლის ოლივიე ჟირუს ტოვებს. ვეტერანი ფრანგისგან გიორგის ძალიან ბევრი რამის სწავლა რომ შეეძლება, ესეც ფაქტია.

    გარდა ამისა, საინტერესო იქნებოდა გიორგისა და რაფა ლეაუს დუეტის ხილვაც. სტეფანო პიოლის კონტრშეტევებზე აწყობილ ფეხბურთში პორტუგალიელ გარემარბთან მიქაუტაძე ფლანგებს ხშირად გაცვლიდა, რაც მეტოქის დაცვის სიმწყობრეს გვარიან პრობლემებს შეუქმნიდა. სახიფათო მომენტების გოლად გარდაქმნა კი ორივეს ბრწყინვალედ გამოსდის. 

    ლილი

    ჩრდილოელთა მიქაუტაძისთვის ბრძოლაში გააქტიურება ერთმნიშვნელოვნად იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა გუნდს ჯონათან დავიდი. კანადელის წასვლის შემთხვევაში, "ლილს" მისი შემცვლელის მოყვანა დასჭირდება და სწორედ ამაში შეიძლება მდგომარეობდეს მიქაუტაძის შანსი.

    "ლილი" შეხვედრის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნაწილში ატარებს. გოლზე დაგეშილი "მასტიფების" მთავარი იარაღი ფლანგებიდან შეტევა და ცენტრფორვარდის მეტოქის მცველებს უკან შერბენაა, რაშიც გიორგი ერთ-ერთი საუკეთესოა. ვახსენოთ ისიც, რომ "ლილის" სკოლა გაიარეს სერია ა-ს ვარსკვლავებმა - რაფა ლეაუმ და ვიქტორ ოსიმენმა. ცხადია, ეს ფაქტი კარგად აჩვენებს, რამდენად შეუძლია შემტევს ამ გუნდში განვითარება.

    ბარნლი

    22 წლის ფორვარდით ყველაზე მეტად დაინტერესებულ კლუბად კვლავ "ბარნლი" რჩება. ინგლისელები გიორგის ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში დაუკავშირეს, თუმცა მაშინ "მეცის" მოთხოვნილი თანხა მათ ეძვირათ. რა თქმა უნდა, ახლა გიორგის ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი, მაგრამ ეს "ბარნლის" არ აშინებს.

    პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "შინდისფერთა" თავკაცი ვენსან კომპანი მიქაუტაძესთან უწყვეტ კონტაქტზეა. როდესაც მწვრთნელი ასეთ ყურადღებას იჩენს სამიზნისადმი, მარტივი მისახვედრია, რაოდენ მნიშვნელოვან ფეხბურთელად უნდა მიაჩნდეს მას იგი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბარნლიში" გადასვლის შემთხვევაში, მიქაუტაძეს ბელგიელი სპეციალისტისგან ნდობა გარანტირებული ექნება, რაც კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანიც კია.

    ლიონი

    ლიონი მიქაუტაძის მშობლიური ქალაქია. 2008-2015 წლებში იგი სწორედ "ოლიმპიკის" აკადემიაში დგამდა თავის პირველ ნაბიჯებს, ამიტომ "პარკ ოლიმპიკზე" დაბრუნება მისთვის მხოლოდ სასიამოვნო ემოციების მომტანი უნდა იყოს.

    გუნდის წინა ხაზში გიორგის საინტერესო პარტნიორობის შექმნა შეეძლება 20 წლის შემტევთან, რაიან ჩერკისთან, რომელიც ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფიგურად ითვლება. გარდა ამისა, "ლიონის" ღირსებას იცავს ალექსანდრ ლაკაზეტიც - ბუნებრივია, 34 წლის ფორვარდს თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელისთვის დიდი გამოცდილების გაზიარება ძალუძს.


    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ახალი ვარიანტების გამოჩენას გამოვრიცხავთ, თუმცა მსურველი რომ გიორგის ხელში მარტივად ვერ ჩაიგდებს, ამის თქმა უკვე აქიდანვე შეიძლება.

    Facebook კომენტარები