ქართველი, რომელიც მსოფლიოს 7 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა

9-04-2017, 22:36

ძნელია თბილისის "დინამოს" იმ ლეგენდარული თაობის დავიწყება, რომელმაც 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა. მაშინ ქართველმა ფეხბურთელებმა "რკინის ფარდა" გაარღვიეს და საკუთარი სახელი "ბებერი კონტინენტის" ყველა კუთხეში გააგებინეს ფეხბურთის ქომაგებს.

დავით ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია და სხვები ყოველდღიურად აოცებდნენ საფეხბურთო სამყაროს და საქართველოს ნამდვილ სახეებად იქცნენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვსურს გენიალურ ქუთაისელ თავდამსხმელზე რამაზ შენგელიაზე ვისაუბროთ, რომელიც საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი 2-ჯერ გახდა. აღსანიშნავია, რომ 1981 წელს შენგელია France Football-ის ვერსიით მსოფლიოს 7 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანეს.

იმ წელს, როდესაც თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო, "ოქროს ბურთის" მფლობელი გერმანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახდა, მეორეზე მისი თანაგუნდელი პოლ ბრაიტნერი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია იმ დროს "ბარსელონაში" მობურთავე ასევე გერმანელმა ბერნდ შუსტერმა დაიკავა.

რაც შეეხება შენგელიას, მას ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა მიშელ პლატინიმ, ოლეგ ბლოხინმა და დინო ძოფმა მოხვდნენ, ხოლო თავად ისეთი ვარსკვლავები მოიტოვა უკან, როგორებიც უილიამ ბრედი, კენი დალგლიში, ვლადიმირ პეტროვიჩი, ხესუს მარია ზამორა, გრჟეგოჟ ლატო, რულ კროლი და სხვები არიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ 1981 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანიც ფიგურირებდნენ. ჩივაძე მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო ყიფიანმა მე-11 პოზიცია დაიკავა.


  • beka10
  • 9 აპრილი 2017 22:37
genialuri iyo ramaza genialuri <3

  • Ika996
  • 10 აპრილი 2017 07:37
ეჰ 11იდან 3 ქართველი. დღეს 100 ადგილსაც ვერ მოიპოვებს ვერც ნაკრები და ვერც კონკრეტული ფეხბურთელი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით