ლობჟანიძე "დინამოს" გამარჯვების გოლით დაემშვიდობა

22-06-2017, 00:34

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდა.

"დინამოსათვის" დღევანდელი დაპირისპირება, გარდა ტრადიციული მეტოქეობისა, სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან მეორე წრის ბოლო ტურში "მტკვრისპირელებს" უშუალო კონკურენტთან 6-ქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეეძლოთ, "ტორპედო" კი პირიქით, ქულათა ანგარიშის გათანაბრებასა და ზაფხულის  შესვენებაზე პირველი პოზიციით გასვლას ეცდებოდა. საბოლოოდ, "დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე "დინამოელთა" საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ დოლიძემ გახსნა. მეორე ნახევარისთვის თბილისელების მწვრთვნელმა კახა კაჭარავამ ფეხბურთელები მოედანზე მაღალი მოტივაციით გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და გიორგი პაპუნაშვილმა 51-ე წუთზე პრინციპული მეტოქის კარი დალაშქრა.

ქუთაისელებს მატჩის ბოლომდე რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ, ხოლო საპირისპირო მდგომარეობა იყო მათ კართან, "დინამოელთა" ხშირ შეტევებს სტანდარტული სიტუაციები მოჰყვებოდა, სწორედ ერთ-ერთი კუთხურისას საბა ლობჟანიძემ ბურთი პირდაპირ მეტოქის კარის მიმართულებით გაგზავნა, რომელიც ბადეში დავით ხურცილავას თავიდან აღმოჩნდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

შედეგად, "დინამომ" 40 ქულა დააგროვა და მეორე წრე პირველ პოზიციაზე დაასრულა. ეროვნული ლიგა ერთ თვეში, 21 ივლისს განახლდება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით