უეფამ 21-ე საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

21-11-2017, 18:23

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, UEFA-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდი დაასახელა. აღნიშნულ თერთმეტეულში შევიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ უეფას წლის სიმბოლურ გუნდში.

მეკარე

იკერ კასილიასი - 6 (2007; 2008; 2009; 2010; 2011; 2012)
ის წლების განმავლობაში ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კაპიტანი იყო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი (2008; 2012). 2010 წელს იკერ კასილასის კაპიტნობით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალი მოიგო. რაც შეეხება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, იკერმა სამჯერ მოახერხა ამ ტიტულის მოგება. 

მცველები

კარლეს პუიოლი - 6 (2002; 2005; 2006; 2008; 2009; 2010)
"ჩემპიონთა ლიგის" ოთხგზის გამარჯვებული ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მცველად მოიაზრება. მისი მიღწევები საკლუბო და სანაკრებო დონეზე არარეალურია. ოთხი წლის განმავლობაში კარლეს პუიოლმა ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 

ხერარდ პიკე - 5 (2010; 2011; 2012; 2015; 2016) 
მართალია მას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ მის ინდივიდუალურ და გუნდურ მიღწევებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ხერარდ პიკემ 4 სეზონის განმავლობაში მოახერხა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, ტრიუმფით დაასრულა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრო 2012-ის მოგებაში უდიდესი წვლილიც მიუძღვის. 

სერხიო რამოსი - (2008; 2012; 2013; 2014; 2015; 2016)
რა თქმა უნდა, ამ გუნდში ბევრის აზრით საუკეთესო ცენტრალური მცველიც მოხვდა. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა სამჯერ მოახერხა უეფას "ჩემპიონთა ლიგის" მოგება. მადრიდის "რეალის" გარდა ის საკუთარ ქვეყანასაც კაპიტნობს. 2008 და 2012 წლებში ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. როგორც თვითონ ფეხბურთელი ამბობს, 2010 წელი მისთვის განსაკუთრებული იყო, სერხიომ მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ფილიპ ლამი - 5 (2006; 2008; 2012; 2013; 2014) 
ალბათ, უკანასკნელი დეკადის ყველაზე საიმედო განაპირა მცველი. არ არსებობს, გუნდი, რომელიც ფილიპ ლამს დაიწუნებს. როგორც პეპ გვარდიოლამ თქვა, ლამი არის ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უმუშავია. მართლია ამ გუნდში მყოფ მცველებთან შედარებით, მას ბევრი ტიტული არ აქვს, მაგრამ მისი შედეგი მაინც აღსანიშნავია. 2013 წელს ფილიპ ლამის კაპიტნობით "ბაიერნმა" "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო. ზუსტად 1 წლის შემდეგ ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის გამარჯვებული სწორედ რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები გახდა. 


ნახევარმცველები

ხავი - 5 (2008; 2009; 2010; 2011; 2012)
ის წლები, რომლებშიც ხავი ერნანდესი წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ყველაფერს ამბობენ მასზე. წლების განმავლობაში ის პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" ხერხემალს წარმოადგენდა. ხავიმ ოთხჯერ მოიგო "ჩემპიონთ ლიგა", ორჯერ - ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ - მსოფლიოს ჩემპიონატი.

ანდრეს ინიესტა - 6 (2009; 2010; 2011; 2012; 2015; 2016)
ამ ფეხბურთელის გარეშე, ეს გუნდი წარმოუდგენელი იქნებოდა. ხავი ერნანდესის ყველაზე საიმედო და ერთგული მეწყვილე წლების განმავლობაში დომინირებს ესპანეთში და მის გარეთ. მისი მეწყვილის მსგავსად, მან ოთხჯერ მოახერხა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება და მიმდინარე სეზონში მეხუთე მედლისთვის იბძრვის. ინიესტა არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი. 

 
სტივენ ჯერარდი - 3 (2005; 2006; 2007) 
ლეგენდარული ინგლისელი 2005 წლის სტამბულის ფინალის ნამდვილი გმირია. მან ყველაფერი გააკეთა და ლივერპულში "ჩემპიონთა ლიგის" თასი ჩაიტანა. მართალია ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ გენიალური სტივი ჯი ნებისმიერი გუნდის მშვენებაა. 



თავდამსხმელები 

ტიერი ანრი - 5 (2001; 2002; 2003; 2004; 2006) 
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი ფეხბურთელი. ტიერი ანრიმ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. მართალია მას ძალიან სურდა "არსენალთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, მაგრამ ამის გაკეთება მან მხოლოდ "ბარსელონასთან" ერთად შეძლო.

ლიონელ მესი - 8 (2008; 2009; 2010; 2011; 2012; 2014; 2015; 2016)
2008 წლიდან დღემდე, ლეო მესი მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა უეფას წლის საუკეთესო გუნდში. სამაგიეროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიგო ოქროს ბურთი და ეს აბსოლუტური რეკორდია. სანაკრებო დონეზე წარუმატებელი ლეო, ინდივიდუალურად პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელს სჯობს. ბევრისათვის მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა ოთხჯერ მოახერხა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება.

კრიშტიანუ რონალდუ - 11 (2004; 2007; 2008; 2009; 2010; 2011; 2012; 2013; 2014; 2015; 2016)
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, კრიშტიანუ რონალდუ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 11-ჯერ დასახელდა უეფას წლის საუკეთესო გუნდში. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მან სამჯერ აწია "ჩემპიონთა ლიგის" თასი. ამას მივამატოთ 2008 წლის ჩემპიონობა და კრიშტიანუც ოთხგზის ტრიუმფატორია. პორტუგალიელი გოლეადორის ჯილდოების სიას ოთხი ოქროს ბურთიც ამშვენებს. მაგრამ, 2016 წელს, კრიშტიანუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. როგორც თვითონ ამბობს, ამაზე ღირებული ჯილდო მას არ აქვს. 



რონალდინიო...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით