იონჰონგ ლი "მილანის" აქციების საკონტროლო პაკეტს ყიდის

30-06-2018, 22:57

მოგეხსენებათ, უეფას სასჯელის მიღების შემდეგ "მილანის" სახელი რამდენიმე ახალ ინვესტორს დაუკავშირეს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელ-იტალიელი მილიარდელი როკო კომისოა, რომელმაც ეს ინფორმაცია მედიასთან საუბრისას უკვე დაადასტურა.

აპენინურ მედიაში ჩინელ ბიზნესმენ იონჰონგ ლისა და კომისოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. 

"Tuttosport"-ის ინფორმაციით, მედიაჰოლდინგ "მედიაკომისა" და "ნიუ-იორკ კოსმოსის" მეპატრონე როკომ "როსონერის" მფლობელს 500 მილიონი ევრო, დამატებით "ელიოტის" ვალის ბოლომდე გასტუმრება და "მილანის" აქციების 15-20% შეთავაზა.

შესაბამისად, 68 წლის იტალიური წარმოშობის ამერიკელი მილიარდელის გეგმებში კლუბის აქციების მხოლოდ საკონტროლო პაკეტის შეძენაა. მოლაპარაკებებს კი მისტერ ლის პოზიცია ართულებს, რომელსაც სურს, რომ კლუბის 15-20%-ის ნაცვლად 30% შეინარჩუნოს.

ციფრებში თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ეს მისტერ ლისთვის სარფიანი გარიგება აღმოჩნდეს, რადგან მან თავის დროზე სილვიო ბერლუსკონის "მილნისთვის" 740 მილიონი გადაუხადა და დამატებით 220 მილიონი კლუბის იმჟამინდელი ვალების გასტუმრებას მოახმარა. ტრანსფერებში კი იმაზე მეტი ინვესტიცია ნამდვილად არ ჩაუდია, რაც კლუბის საერთო ღირებულების 30%-ს უდრის.

ერთი რამ ფაქტია, "მილანი" 1 წლით ევროტურნირებიდან მოიკვეთა, საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებამაც შეიძლება შედეგი ვერ მოიტანოს, ეს კი "როსონერის" ღირებულებას ამცრებს. თავის მხრივ, მისტერ ლის "ელიოტის" 303 მილიონიანი დავალიანებაც აფერხებს, ამიტომ აქციების ნაწილის გაყიდვა მისთვის გამოსავალს უნდა ნიშნავდეს.

"La Gazzetta dello Sport"-ი გვაუწყებს, რომ "ფორბსის" მიხედვით 4.4 მილიარდიანი კაპიტალის მქონე კომისო ჩინურ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

საქმე იმაშია, რომ როკოს კონტაქტი ძირითადად იონჰონგ ლის მარჯვენა ხელთან, "მილანის" მმართველ საბჭოს ერთ-ერთ წევრ დავიდ ჰან ლისთან აქვს. იტალიელ-ამერიკელი ბიზნესმენი კი კლუბის მთავარ მეპატრონესთან შეხვედრას მოითხოვს.

ერთი სიტყვით, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება და შეიძლება მიმდინარე ზაფხულშივე "მილანი" ბევრად უფრო დიდი კაპიტალის და შესაძლებლობების მფლობელი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდეს... თანაც იტალიელის...



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით