• 19-08-2023
    "სიტიში" ტრანსფერი ჩავარდა - პაკეტა შარშია
    "სიტიში" ტრანსფერი ჩავარდა - პაკეტა შარშია
    Author of the article
    Aa

    ლუკას პაკეტას "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერი ჩავარდა. ამის მიზეზი ის სკანდალი გახლავთ, რომელშიც ბრაზილიელი ნახევარმცველი სულ ცოტა ხნის წინ გაეხვა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ვესტ ჰემის" ვარსკვლავი საფეხბურთო ფსონების განთავსებაშია ბრალდებული. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

    საეჭვო ფსონები ლუკასის მშობლიურ ბრაზილიაშია განთავსებული. ისინი შეეხება როგორც "ჩაქუჩების" საწინააღმდეგო შედეგებს, ასევე უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ეპიზოდებს.

    მაგალითად, 12 მარტს, ვესტ ჰემისა და ასტონ ვილას მატჩის დაწყებამდე, ბრაზილიურ ტოტალიზატორში ახალ შექმნილი პროფილებით მაქსიმალური ოდენობის ფსონი დაიდო პაკეტას ყვითელ ბარათზე. ლუკასს გასულ სეზონში სულ 5 გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, ერთ-ერთი კი სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო.

    თუ 27 წლის ვარსკვლავს ბრალი დაუმტკიცდა, მას საკმაოდ მკაცრი სასჯელი ელის. ამისთვის აივან ტოუნის მაგალითიც კმარა - "ბრენტფორდის" ცენტრფორვარდი 232 ფსონის განთავსება დაუმტკიცეს, რამაც მას 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მოუტანა. ინგლისელი ფორვარდი ფეხბურთს იანვრამდეა ჩამოშორებული.

    რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", "ქალაქელებმა" უკვე დაიწყეს სხვა ნახევარმცველის ძებნა. არადა, რომ არა ეს სკანდალი, უდიდესი ალბათობით, პაკეტა კარიერას "ეტიჰადზე" გააგრძელებდა, რადგან კლუბები შეთანხმებას ეტაპობრივად უახლოვდებოდნენ.


    Facebook კომენტარები