• 19-02-2024
    "პულიშიჩს დასვენება სჭირდებოდა" - პიოლი შეცდომას არ აღიარებს
    "პულიშიჩს დასვენება სჭირდებოდა" - პიოლი შეცდომას არ აღიარებს

    სერია ა-ს 25-ე ტურში "მილანმა" "მონცასთან" წააგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადასვლის შანსი ქარს გაატანა.

    საგარეო მატჩის პირველ ტაიმში "როსონერიმ" ორი უპასუხო გოლი გაუშვა, 52-ე წუთზე კი 10 კაცით დარჩა, როცა მთავარმა არბიტრმა ლუკა იოვიჩი გააძევა. შეცვლაზე შესული კრისტიან პულიშიჩის საგოლე პასმა და გოლმა ლომბარდიელები თამაშში დააბრუნა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მათ კიდევ 2 გოლი გაუშვეს და მაინც დამარცხდნენ - 4:2.

    "მილანის" მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის გუშინდელი მარცხის გამო დიდი კრიტიკა ხვდა, რადგან მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინა რაფაელ ლეაუს, ოლივიე ჟირუსა და კრისტიან პულიშიჩს. თამაში ისე წარიმართა, რომ "შავ-წითლების" ლიდერებს დასვენება მაინც არ მოუწიათ, ერთი ტაიმის თამაშით კი გუნდი წაგებას ვერ გადაარჩინეს. ჩავარდნილ როტაციაზე პიოლიმ მატჩის მერეც ისაუბრა.

    "მატჩის სცენარისა და ჩვენი სიტუაციის გათვალისწინებით, მტკივნეული წაგებაა. სკამზე დარჩენილთაგან ერთადერთი, რომელსაც დღეს სასტარტოდან უნდა დაეწყო, რაფაელ ლეაუ გახლდათ, მაგრამ მან ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და აღარ გავრისკეთ, დანარჩენები კი კარგ ფორმაში იყვნენ. პულიშიჩს გუშინ არ უვარჯიშია, რადგან დაღლილი იყო. კრისტიანს ამდენი ბოლო წლებში არასდროს უთამაშია, ამიტომ დასვენება სჭირდებოდა.

    ჩვენ ბურთს ძალიან ნელა ვათამაშებდით, "მონცა" კი თავს მთელი გუნდით იცავდა. გაშვებულმა გოლებმა და წითელმა ბარათმა აგვრია. ასეთი ინციდენტების დროს გუნდი უფრო ბასრი და კონცენტრირებული უნდა ხდებოდეს. ეს არ გამოგვივიდა," - თქვა სტეფანომ.

    "მილანს" ახლა 52 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "იუვენტუსს" 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს "როსონერი" ევროპა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი ოფის ეგიდით, "რენთან" ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მათ სახლში სამბურთიანი სხვაობით აქვთ მოგებული.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები