10 ყველაზე დიდი შესაძლო ტრანსფერი ზაფხულის დასრულებამდე

29-08-2016, 14:50

ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 60 საათზე ნაკლები რჩება (31 აგვისტოს, 00:00 ცენტრალური ევროპის დროით) და ნელ-ნელა ყველა ტრანსფერი დასასრულისკენ მიდის. გთავაზობთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერებს, რომლებიც შესალოა ამ სამ დღეში განხორციელდეს.

1. პაკო ალკასერი

ვალენსიელი ფორვარდი სულ უფრო და უფრო უახლოვდა "ბარსელონაში" ტრანსფერს. როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი აქვს კატალონიურ გრანდში გადასვლის და ამის შესახებ "ვალენსიას" ხელმძღვანელობამაც იცის. "ბარსას" სპორტული დირექტორის, რობერტ ფერნანდესის განცხადებით, პაკო ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც ესპანური კლუბი დაიმატებს დარჩენილ დროში. ალკასერის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.



2. მუნირ ელ ჰადადი

მუნირის სიტუაცია მთლიანად პაკოს ტრანსფერზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გიგანტი ახალ ფორვარდს დაიმატებს, მაშინ მუნირისთვის გუნდში ადგილი აღარ დარჩება, შესაბამისად დიდი ალბათობით ახალგაზრდა შემტევი კლუბს დატოვებს. ელ ჰადადისთვის ამჟამად "პსჟ", "შალკე" და "სელტიკი" იბრძვიან, თუმცა შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ "ბარსელონამ" ის პაკოს ტრანსფერში ჩართოს და გაცვლის შედეგად "ვალენსიაში" გადასვლა მოუწიოს.



3. გარაი

კიდევ ერთი სახელი რომელიც უკავშირდება "ვალენსიას". მუსტაფის ტრანსფერი "არსენალში" პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია, შესაბამისად "ღამურებს" ახალი ცენტრალური მცველის დამატება სჭირდებათ მის შესაცვლელად. ესპანელების აზრით, სწორედ არგენტინელი ფეხბურთელი იქნება იდეალური მუსტაფის იდეალური შემცვლელი, რადგანაც მას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. გარაიმ შაბათს "ზენიტთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშა, თუმცა მედიის ინფორმაციით ამ მატჩის შემდეგ იგი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.



4. ფალკაო

დიეგო სიმეონე პირველ ორ ტურში ნათამაშები ორი ფრით ძალიან უკმაყოფილოა და ამ ყველაფერს უფორვარდობას აბრალებს. როგორც ჩანს, არგენინტელი სპეციალისტი ამ პრობლემის აღმოფხვრას "ატლეტიკოს" ყოფილი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს დაბრუნებით აპირებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი "მონაკოში" დაბრუნების შემდეგ ნელ-ნელა უმატებს და სავარაუდოდ კლუბს მისი გაშვება არ ენდომება, მაგრამ ესპანელები ყველაფერს გააკეთებენ რათა "ელ ტიგრე" მადრიდში დააბრუნონ.



5. ფაბრეგასი

სესკ ფაბრეგასმა გასულ ტურში "ბარნლისთან" შეხვედრაში მოედანზე ერთი წუთიც კი ვერ გაატარა. ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ინფორმაციით,   კონტემ ესპანელ ფეხბურთელს რომელიმე სხვა კლუბში გადასვლა ურჩია, რადგან ის იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის. ტაბლოიდების ინფორმაციით ანტონიო კონტეს ესპანელი ნახევარმცველის დაცვის ხაზში თამაში არ მოსწონს და სწორედ ამიტომ აპირებს მის გასხვისებას.



6. ბალოტელი

იტალიელი ფორვარდი მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. სუპერმარიო არაერთ კლუბთან იყო დაკავშირებული, მათ შორის "ბეშიქთაშთანაც", მაგრამ თურქული კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მის შესახებ არაფერი სმენია. ბალოტელის ასევე იტალიურ კლუბებს, "სამპდორიასა" და მის მშობლიური ქალაქის გუნდ "პალერმოსაც" აკავშირებენ. დიდი ალბათობით დარჩენილ სამ დღეში იგი რომელიმე ზემოთხსენებულ გუნდში გადავა.



7. კუადრადო

გასული სეზონი კუადრადომ "იუვენტუსში" გაატარა და როგორც ჩანს, ტურინულ კლუბს ძალიან სურს კოლუმბიელი გარემარბის დაბრუნება. "ბებერ სინიორას" კუადრადოს გადაყვანა იჯარის წესით სურს, მაშინ როცა "არისტოკრატები" მხოლოდ მის გაყიდვაზე არიან თანახმა. ასე რომ, როგორც ჩანს ტურინელებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ ტრანსფერის განსახორციელებლად.



8. კულიბალი

ფრანგი მცველის ტრანსფერი ლონდონის "ჩელსიში" ერთგვარ სატრანსფერო საგად იქცა. ნეაპოლელებმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დროს უკვე დაკარგეს გუნდის ერთი ლიდერი, გონსალო იგუაინის სახით და მათ არ სურთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის დაკარგვა. ამიტომაც მათ უარი განაცხადეს 40 მილიონის სანაცვლოდ 25 წლის მცველის გაშვებაზე. თავის მხრივ ლონდონელები არ ეშვებიან ფეხბურთელს და ძალიან სურთ მისი ნისლიან ალბიონზე გადაყვანა. როგორც ცნობილია, თავად კონტე აპირებს იტალიაში ჩასვლას რათა როგორმე ეს ტრანსფერი გაჩარხოს.



9. ხოსელუ

მას შემდეგ, რაც ლუკას პერესის "არსენალში" ტრანსფერი გადაწყდა, "დეპორტივო" ცდილობს მისი ახალი ფორვარდით ჩანაცვლებას და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი სწორედ ესპანელი ფორვარდი ხოსელუ გახლავთ. მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელი გასულ წელს გადაბარგდა "ჰანოვერიდან" "სტოკ სიტიში", სადაც მან ნისლიან ალბიონზე თავი დიდად ვერ გამოიჩინა და 27 მატში მხოლოდ 4 გოლის შეგდება მოახერხა. თუმცა "დეპორის" მესვეურები ფიქრობენ, რომ ხოსელუ საკუთარ სამშობლოში კარგად გაიხსნება და მათი გუნდის შეტევით პოტენციალს ერთიორად გაზრდის.



10. როსი

მიუხედავად იმისა, რომ პაულო სოუსამ უკვე დაასტურა "სელტასა" და ფლორენციულ "ფიორენტინას" შორის შეთანხმება ჯუზეპე როსის თაობაზე, ტრანსფერი მაინც არ არის ჯერ ოფიციალურად დადასტურებული. იტალიელი ფორვარდის დამატებით ვიგოური კლუბი ახლახანს "სიტიში" გადასული ნოლიტოს ჩანაცვლებას გეგმავს. ყველაფერი სავარაუდოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში გაოფიციალურდება.



სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის, სანდრო ჭიღლაძე

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით