• 10-04-2024
    კეინი: "მატჩამდე რაიას მოქმედებები შევისწავლე"
    კეინი: "მატჩამდე რაიას მოქმედებები შევისწავლე"
    Author of the article
    Aa

    "ემირეიტსზე" ლონდონის "არსენალმა" და მიუნხენის "ბაიერნმა" ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამსვლელ გუნდს ბავარიაში გასამართი დაპირისპირება გაარკვევს.

    "მეთოფეები" ბუკაიო საკას მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა 6 წუთში წონასწორობა სერჟ გნაბრიმ აღადგინა, 32-ე წუთზე კი ჰარი კეინმა გარდასახა ლეროი სანეს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად. მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ 76-ე წუთზე, ლეანდრო ტროსარის შედეგიანი დარტყმით გაათანაბრეს.

    როგორც ხედავთ, "არსენალი" ჰარი კეინის გოლს ისევ ვერ გადაურჩა. ინგლისელმა ლონდონელებს კარიერაში მეთხუთმეტედ გაუტანა, მატჩის მერე კი აღნიშნა, რომ თამაშამდე კვლევითი სამუშაოებიც ჰქონდა ჩატარებული.

    "მატჩამდე დავიდ რაიას მიერ "პორტუსთან" ნათამაშები პენალტების სერია შევისწავლე - ის კუთხისკენ ძალიან ადრე იძვრება ხოლმე, ამიტომ დარტყმის სტილი უნდა შემეცვალა. სასიხარულოა, რომ მისმა მოქმედებამ საქმე გამიმარტივა.

    აქ გულშემატკივრების გარეშე თამაში რთული იყო. მომდევნო კვირას სავსე "ალიანს არენა" დიდ დახმარებას გაგვიწევს.

    რეალური შანსი გვქონდა, თამაში 3:1 წაგვეყვანა, მაგრამ ლეროი სანემ ვერ გაიტანა. გერმანიაში ყოფნა გასაოცარი გამოცდილებაა. განსხვავებულ კულტურასა და განსხვავებულ ჩემპიონატს ვეცნობი. ბუნდესლიგა წელს წაგებულია, თუმცა აქ დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას. დღეს მიზანდასახული გუნდი ნახეთ. ერთიანობა და მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. დღეს სწორი მიმართულებით პატარა ნაბიჯი გადავდგით," - თქვა კეინმა.

    შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი ჯახი 17 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები