• 10-04-2024
    ფოდენი: "როგორ შეიძლება, რომ "რეალთან" ფავორიტი იყო?"
    ფოდენი: "როგორ შეიძლება, რომ "რეალთან" ფავორიტი იყო?"
    ავტორი
    Aa

    მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი მატჩების შეთავაზებას აგრძელებენ.

     "სანტიაგო ბერნაბეუზე" გუშინ გამართულ შეხვედრას სტუმრები მე-2 წუთზე ბერნარდუ სილვას გოლით იგებდნენ, მაგრამ ორწუთიან შუალედში (12-14) წინ "თეთრები" გავიდნენ - რუბენ დიაშის ავტოგოლს როდრიგოს გოლი მოჰყვა. წონასწორობა 66-ე წუთზე ფილ ფოდენის ზღაპრული გოლით აღდგა, 5 წუთში კი იოსკო გვარდიოლმა ულამაზესად და, რაც მთავარია, შედეგიანად გაისროლა. თრილერი 79-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს ყუმბარისებული დარტყმით დაგვირგვინდა.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად "სიტის" ინგლისელი ვარსკვლავი, ფილ ფოდენი დასახელდა. 21 წლის შემტევმა TNT Sports-თან მცირე ინტერვიუც ჩაწერა.

    "როგორ შეიძლება ფავორიტი იყო მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ყველა იმ ტიტულის შემდეგ, რომელიც მათ აქვთ მოგებული?!

    "ეტიჰადზე" ზედიზედ 30 ევროპული მატჩია არ წაგვიგია? ამ რეკორდს ფანებს მივაწერდი. დიდ მატჩებში ისინი ყოველთვის გვერდით გვიდგანან. ისინი ძალიან ხმაურიანები არიან და კიდევ უფრო მეტ ენერგიას გვაძლევენ. იმედია, ამ სვლას შევინარჩუნებთ. "რეალის" წინააღმდეგ რთული იქნება.

    მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევები და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, ამიტომ ძნელი ამოცანა გვიდგას. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. შარშან ეს გავაკეთეთ. საკუთარ ძალებში უნდა ვირწმუნოთ და გავიმეოროთ.

    მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე გოლის გატანა ბრწყინვალე გრძნობაა. შემიძლია ვთქვა, რომ სურვილების სიის ერთ-ერთი პუნქტი შევასრულე. მგონია, რომ აქ მოსასვლელად და იმის გასაკეთებად, რაც გავაკეთეთ, დიდი გზა გავიარეთ," - თქვა ფოდენმა.

    ფილისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი იყო, პრემიერ ლიგაში კი მის ანგარიშზე 14 შედეგიანი დარტყმაა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "სიტი" და "რეალი" ერთმანეთს 17 აპრილს, თბილისის დროით 23 საათიდან შეერკინებიან.

    Facebook კომენტარები