• 17-04-2024
    "რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ..." - ჩავი "პსჟ-სთან" მარცხზე
    "რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ..." - ჩავი "პსჟ-სთან" მარცხზე
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა. პარიზში მოგებული მატჩის შემდეგ "ბარსა" "პსჟ-ს" შინაც ამარცხებდა, თუმცა რონალდ არაუხოს წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა და საბოლოო ჯამში, "მონჟუიკზე" გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 1:4 წააგეს.

    წარუმატებლობის მიზეზებზე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    "არაუხოს გაძევება არ იყო საჭირო და ამან ორმატჩიან დუელს დაღი დაასვა. ასეთ დონეზე 10 კაცით თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. იქამდე ჯახი ძალიან ლამაზი გახლდათ. ასეთ მომენტში შენ ფეხბურთს აფუჭებ.

    პირველ მატჩში მთავარ მსაჯს ვიტინიას გაგდება შეეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

    ჩემთვის ნაჩვენები წითელი ბარათი ჩემი ბრალია.

    ვეცადეთ, რომ დაცვაში ჩავმჯდარიყავით და თავი 10 კაცით დაგვეცვა, ოღონდ ეს ჩვენი ძლიერი მხარე არ არის. გოლის გატანის შანსები ამის შემდეგაც გვქონდა.

    რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მერე, მსაჯებთან მიმართებაში ხშირად არ გვიმართლებს.

    ლუის ენრიკემ თქვა, რომ არაუხოს წითელი ბარათის გარეშეც მოიგებდნენ და იმედოვნებს, რომ "ბარსაში" კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვიმუშავებ? მას არცერთში არ ვეთანხმები. როცა 11 11-ზე ვთამაშობდით, მეტოქეს ვჯობდით.

    ცდა უნდა გავაგრძელოთ. "პსჟ-ს" ვხვდებოდით. მათ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ და ტრანსფერებზე ძალიან ბევრი ფული აქვთ დახარჯული. "სიტის" ტიტულის მოსაგებად 7 წელი დასჭირდა. მომავალ წელს ისევ ვიბრძოლებთ," - თქვა ჩავიმ.

    შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ტიტული, რისთვისაც ბრძოლის შანსი "ბარსას" შემორჩა, ლა ლიგაა, თუმცა ლიდერ "რეალთან" იქ ჩამორჩენა 8 ქულას შეადგენს, სათამაშო კი მხოლოდ 7 ტურია. მომდევნო ტურში სწორედ "კლასიკო" გველოდება.

    Facebook კომენტარები