10 ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია საფეხბურთო ისტორიაში

3-10-2016, 21:42

თანამედროვე ფეხბურთში ალბათ ძნელად თუ გავიხსენებთ ისეთ ფაქტს, როდესაც გუნდმა დაუმარცხებლად განვლო მთელი სეზონი და ჩემპიონობის ტიტულიც სწორედ ასე აწია. ერთ-ერთი ასეთი უახლესი მაგალითია ლონდონის "არსენალი", რომელმაც 2003-04 წლების სეზონი დაუმარცხებლად განვლო და ოქროს პრემიერლიგის ტიტული აწია. გარდა ამისა ლონდონელებმა იმ წელს ჯამში 49 მატჩი განვლეს დაუმარცხებლად პრემიერლიგაში, რაც ნამდვილად ფანტასტიური შედეგია. მაგრამ რაც არ უნდა მოულოდნელი აღმოჩნდეს, ისტორიაში ყოფილა არაერთი ისეთი გუნდი, რომელმაც "არსენალზე" უკეთესი შედეგი დადო საკუთარ ლიგაში დაუმარცხებლობის მხრივ. მოდით გავიხსენოთ ასეთი კლუბების 10 საუკეთესო სერია.

10. "ბენფიკა" (1976-78 წლები, 56 შეხვედრა)

იმ დროინდელ "ბენფიკას" ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მცველი, ჯონ მარტიმორი თავკაცობდა. პორტუგალიურმა კლუბმა 1976-78 წლებში შეძლო და ზედიზედ 56 შეხვედრა განვლო დაუმარცხებლად პორტუგალიის ჩემპიონატში. ყველაფერი 1976 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 1978 წლის 1 სექტემბერს, "პორტოსთან" შეხვედრაში დასრულდა. პორტუგალიელებმა ამ წლების მანძილზე ზედიზედ 3ჯერ მოახერხეს ეროვნული ჩემპიონატის მოგება.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული "პორტოც" ახლოს იყო ასეთი რეკორდის გამეორებასთან, მაგრამ 2010 წლის თებერვალში დაწყებული 55 მატჩიანი სერია 2012 წლის იანვარში დასრულდა და სწორედ 1 შეხვედრა დააკლდათ ამ მართლაც შესანიშნავი რეკორდის გამეორებამდე.

9. რიგის "სკონტო" (1993-96 წლები, 58 შეხვედრა)

რიგის "სკონტო" ლატვიური ფეხბურთის ნამდვილი სახეა. რიგელები იმ წლებში ზედიზედ 14-ჯერ მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი და შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ დონეზე ნამდვილი დომინანტები იყვნენ. სერიას რაც შეეხება, ის 1993 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო და 1996 წლის 25 მაისს დასრულდა. ჯამში რიგელებმა 2 სრული სეზონი განვლეს დაუმარცხებლად. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების უმრავლესობას "სკონტო" საკმაოდ დიდი ანგარიშით იგებდა. მაგალითად მათ ერთ-ერთ მატჩში 15-2 იმარჯვეს.

8. "ოლიმპიაკოსი" (1972-74 წლები, 58 შეხვედრა)

საბერძნეთის ისტორიაში საუკეთესო კლუბმა ეს შესანიშნავი სერია 1972 წლის ოქტომბერში, "პაოკის" ძლევით დაიწყო და 1974 წლის აპრილში "პაოკთანვე" მარცხით დაასრულა. ყველაზე საინტერესო ამ სერიაში გალხდათ 1973-74 წლების სეზონი, როდესაც "ოლიმპიაკოსმა" ერთ სეზონში 108 გოლის გატანა მოახერხა, რაც საბერძნეთის ჩემპიონატისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

7. "მილანი" (1991-93 წლები, 58 შეხვედრა)

გუნდი, რომელზეც საუბარი ალბათ დაუსრულებლად შეიძლება. არიგო საკის მიერ დამოძღვრილ იმ დროინდელ "მილანს" დღესაც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ასახელებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. რაც შეეხება სერიას, ამ სერიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საკის მემკვიდრე ფაბიო კაპელი გახლდათ, რომლის თავკაცობითაც გუნდმა 1991-92 წლებში დაუმარცხებლად მოიგო სერია ა და ჯამში 1993 წლამდე 58 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად. იმ გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ისეთი დიდი ლეგენდები, როგორებიცაა: ვან ბასტენი, რუდ გულიტი, ფრენკ რაიკაარდი... ამ ლეგენდებით დახუნძლული გუნდის გაჩერება კი 1993 წლის 21 მარტს ბოლოსდაბოლოს "პარმამ" მოახერხა. "როსონერი" 58-ე წუთზე ფაუსტინო ასტრილას ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდნენ.

6. "პიუნიკი" (2002-2004 წლები, 59 შეხვედრა)

რაც არ უნდა მოულოდნელად გეჩვენოთ ამ ლეგენდარულ სერიებს შორის მოხვდა სომხეთის ერთი მოკრძალებული გუნდიც. პიუნიკმა 59 მატჩიანი წაუგებელი სერია 2002 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და 2004 წლის 11 ნოემბერს, "კილიკიასთან" განცდილი 1-0 მარცხით დაასრულა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ დროის მანძილზე "პიუნიკმა" დაუმარცხებლობის მიუხედავად 3 მწვრთნელი გამოიცვალა. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ამ გუნდს სომხეთის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.

5. "უნიონ სელტ ჟილოსი" (1933-35 წლები, 60 შეხვედრა)

ერთ-ერთი უძველესი ბელგიური კლუბი, რომელიც 1897 წელს დაარსდა და დღემდე არსებობს, მაგრამ ამჟამად სამწუხაროდ მხოლოდ დაბალ ლიგებში თამაშით შემოიფარგლება. ბელგიელებმა შეძლეს და 1933-35 წლებში ერთბაშად 60 შეხვედრა განვლეს დაუმარცხებლად და ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული. ამჟამად "სელტ ჟილოსს" ყველა იცნობს როგორც "უნიონ 60"-ის სახელით და ეს გუნდი ბელგიის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

4. ტალინის "ლევადია" (2008-2009 წლები, 61 შეხვედრა)

ესტონური კლუბი ერთადერთია სიაში ჩამოთვლილთაგან, რომელმაც ამ საოცარ რეკორდს 2 წელი მოანდომა. ტალინელებმა 2008-2009 წლებში ზედიზედ 61 შეხვედრა ჩაატარეს დაუმარცხებლად და ამით ისტორიაში შევიდნენ. ამ ყველაფრის წყალობით კი "ლევადიამ" ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ესტონეთის ჩემპიონის ტიტული.

3. "სელტიკი" (1915-17 წლები, 62 შეხვედრა)

შოტლანდიური ფეხბურთის ნამდვილი ფლაგმანი ტიტულების გარდა ასევე საკმაოდ საინტერესო რეკორდებითაც გამოირჩევა. გლაზგოელებმა 1915-17 წლებში მოახერხეს და 62 შეხვედრა განვლეს შოტლანდიის ჩემპიონატში, რაც ამ ქვეყნისთვის ნამდვილად საოცარი შედეგია. მათ ამ 62 შეხვედრიდა 49 მოიგეს და მხოლოდ 13 დაასრულეს ფრედ. თანაც აღსანიშნავია, რომ ერთხელ ორი შეხვედრის გამართვა ერთ დღეში მოუწიათ და ორივე მოიგეს.

2. "შერიფი" (2004-06 წლები, 63 შეხვედრა)

"შერიფი" მოლდოვური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახლავთ. ტირასპოლელებმა 2001 წლიდან 2010 წლამდე ზედიზედ 10-ჯერ მოახერხეს ეროვნული ჩემპიონატის მოგება, რითაც ისტორიაში სახელი დაიმკვიდრეს. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან 2006 წლამდე მათ 63 შეხვედრა ჩაატარეს დაუმარცხებლად და საბოლოოდ ისინი მაისის თვეში, "ზიმბრუსთან" მატჩში დამარცხდნენ, ანგარიშით 1-0.

1. ბუქარესტის "სტიაუა" (1986-89 წლები, 106 შეხვედრა)

რუმინული გუნდის რეკორდი, რომლის მოხსნაც ალბათ ათწლეულების მანძილზე შეუძლებელი იქნება. ბუქარესტელებმა 1986 წლიდა 1989 წლამდე ზედიზედ 106 შეხვედრაში არ წააგეს, რაც ნამდვილად ფენომენალური შედეგია. "სტიაუა" იმ დროში არამარტო რუმინეთში, არამედ მთელს ევროპაში ბობოქრობდა და 1986 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაც შეძლეს. ამ ყველაფრის წყალობით ეს გუნდი სამუდამოდ ჩაეწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

სანდრო ჭიღლაძე, სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის.

საინტერესო

  • tsandro
  • 3 ოქტომბერი 2016 23:28
რეალი მოხსნის მალე ამრეკორდს :D
  • barsaaa
  • 3 მარტი 2017 16:50
reali ki ara barsa moxsnis
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით