უტკინი: " თამაშობდა, როგორც სვამდა, მე ვიჯექი სუფრასთან, რომელიც ყიფიანს..."

7-11-2016, 22:29

ვასილი უტკინი: მე მოგიყვებით დავით ყიფიანზე.
 "თქვენ ხომ არ გინახავთ ყიფიანი, არათუ ფეხბურთელობისას, არამედ საერთოდ. ამიტომ მე მოგიყვებით მასზე. მქონდა ბედნიერება, მისი ფეხბურთელობის ეპოქაში მეცხოვრა, შემდეგ კი პირადადაც გავიცანი. ის კი დიდად არც იცვლებოდა.

81 წელი იყო მისი საუკეთესო წელი - თასების მფლობელთა თასი, დიდი ტურნირი. 82-ში ის არ აიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა ზუსტად 4-ჯერ ასაკოვანი ვარ, ვიდრე მაშინ. ამ ხნის განმავლობაში ენითაუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე, მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემთვის ახლაც აუხსნელია.
ეს აუხსნელი იყო მაშინაც და ახლა, დროის გასვლის და გამოცდილების მიღების შემდეგაც. მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ.
ზოგჯერ ამბობენ, თამაშობს, როგორც სუნთქავსო - ცარიელი სიტყვებია. ჩემი აზრით, არ არის სუნთქვაში არაფერი ინდივიდუალური, სექსუალური. მე ვიტყოდი, თამაშობს, როგორც დადის. აი, მოძრაობაში არის რაღაც უნიკალური, მარტო შენთვის დამახასიათებელი, სტილიც და სექსიც. ყიფიანი სწორედ ასე თამაშობდა. ის შეიძლება პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს.
შეიძლება სიმელოტის გამო უწოდეს კიდევაც მას პროფესორი. არ იყო ის პროფესორი. პროფესორი კარიერაა, თანამდებობაა, ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ბევრია.
სულაც არ ვამბობ, რომ მას სხვა მეტსახელი მოუხდებოდა, ან რა საჭიროა მეტსახელი - ყიფიანი! განა ნიშნავს კიდევ სხვას?
შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდის მერე) მას შეეფერება: მაღალი, ტანადი, ოდნავ მელოტი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც.
მეტჯერ მე ის არ მინახავს. თავიდანვე მსურდა მისი ნახვა, როგორც სახელის და არა როგორც ფეხბურთელის. ზუსტად 13 წლის მერე, რაც საბჭოთა ნაკრებში მე-13 ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია, რომელმაც 13 მაისს თასების თასზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, 13 დეკემბერს ახალთახალი მანქანით გადაიჩეხა. მე მითხრეს, რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი - ის თურმე იძებნება, სადღაც კვიპროსშია და როგორც კი იქაურობას დატოვებს, ინტერპოლი დააპატიმრებს, იმიტომ, რომ ის კანონიერი ქურდია.
გულუბრყვილო დროება იყო... ასეთი სისულელეები სერიოზული გარჩევის თემა იყო. უფრო სწორად, ასეთი მონაჩმახების სერიოზულად სჯეროდათ. რეალობა პარალელებს ეძებდა მაშინდელი "ბოევიკების" ეპიზოდებთან და ვისთვის მიემგვანებინათ ყიფიანი? აბა, მზვერავისთვის ხომ არა!
ამის მერე მან "შინიკი" ჩაიბარა. დიახ, ინტერპოლისგან დასამალავად უკეთეს ადგილს "ვერ მონახავ". მე არ შევმცდარვარ ყიფიანში - მითი ცხოვრობდა მითის ცხოვრებით, ყიფიანი რჩებოდა ყიფიანად.
ის თავისი მაღალი შუბლით ფარავდა ეკრანს, დინჯად პასუხობდა მოდებილო კითხვებს - ჩვენ ერთმანეთს НТВ-ს სტუდიაში შევხვდით, გადაცემა "საფეხბურთო კლუბისთვის" მზადებისას, სასტუმრო "როსიაში", სადაც მაშინ ყველა ტელევიზიის ოფისი იყო განლაგებული და რომლის პირველი გამოსარჩევი ის იყო, რომ უკან კრემლი მოჩანდა. იქ, ფანჯარასთან სხდებოდნენ ჩვენი სტუმრებიც. იჯდა ყველა, მაგრამ ამას ყურადღება მხოლოდ დავითმა მიაქცია - არასოდეს ვმჯდარვარ ფანჯრის რაფაზე, თანაც, როცა ზურგსუკან კრემლიაო.
მაშინ მან სარეკლამო პაუზისას დელიკატურად "მომტეხა". 26 წლის ვიყავი და კრუიფის, ლინეკერის, სხვების გამონათქვამებით ვცოცხლობდი და რა თქმა უნდა, ხანდახან სისულელეებსაც ვამბობდი. "ვასია, თქვენ მე მისმენთ? რას ამბობთ, ვასია..." შემდეგ კი ამიხსნა, რაში არ ვიყავი მართალი. ეთერში - მთელი ქვეყნის გასაგონად არაფერი უთქვამს.
რა სირცხვილია, გამოჩნდე იდიოტად ყიფიანის ფონზე. ეს ძალიან ბევრ საუკეთესოს განუცდია, ასე მაინც მოვხვდი მათ რიგებში.
ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით, მგონი, ვლადიკავკაზში. ვუყურებდი, როგორ მეფობდა ის სუფრასთან. ერთ რამეს იტყოდა და ყველა გაისუსებოდა. მისი გამომეტყველება თითქმის არ იცვლებოდა, მხოლოდ ნახევრად გაღიმება და თვალების შეუმჩნეველი თამაში.
ჰყვება ანეკდოტად - "რა მოგაქვთ? ოქრო! მთელი ბარგი შეამოწმეს - სამი წიგნია. რას ხუმრობთ, ახალგაზრდავ. როგორ გეკადრებათ, შეიძლება ვინმესთვის მაკულატურაა, ჩემთვის ეს ოქროა". ხუმრობა - ისე რა, მაგრამ ის ამჩნევს სკეპტიკურ ღიმილს და აყოლებს: "ბიჭებო, სინამდვილეში ანგორის ბეწვეული მოგვქონდა და ყურადღების გაფანტვა მინდოდა".
ის თამაშობდა, როგორც დადიოდა; თამაშობდა, როგორც ლაპარაკობდა; თამაშობდა, როგორც სვამდა. მე ვიჯექი სუფრასთან, რომელიც ყიფიანს მიჰყავდა...
ბოლოსკენ მან მოჰყვა საოცარი და უცნაური ისტორია, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული იყო. ზუსტად მახსოვს და ამიტომ გავთამამდები და პირველ პირში მოვყვები.
"ერთხელ ახალკაცი გაუშვეს. მას ხომ ხანდახან უშვებდნენ. ყველა ხედავს, გუნდი თამაშობს - ესე იგი, უმწვრთნელოდაც ითამაშებს.
მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, ჩვენ მას ვიცნობდით ფედერაციიდან. ვუყურებთ მშიერი თვალებით. ამბობს: დისციპლინა უნდა ავამაღლო, თავად შეგამოწმებთ. ხუთშაბათიდან ყველანი ბაზაზე! კარანტინი. ვინც არ დაემორჩილება - გაირიცხება.
და ამ დროს ყველამ იცის, რომ ხუთშაბათს თბილისში ჩვენს მეგობარს ქორწილი აქვს და ყველანი იქ იქნებიან".
ყიფიანმა ღვინო მოსვა, სუფრასთან სიჩუმეა.
"ჩვენც კი ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თამაში გველის, ამიტომ ღამის ორ საათზე, ერთი-ორი ჭიქის დალევის შემდეგ დიღომში ვბრუნდებით. ერთგან გასაძრომია და იქ შევდივართ: მე, ჩივაძე, ვიტალიკი, ოთარ გაბელია, ვოვა გუცაევი. ახალი მწვრთნელი იქვეა - გველოდა".
ყიფიანი ისევ სვამს ბოკალიდან, სრული სიჩუმეა.
- რა მოხდა მერე?
ყიფიანი იღიმის.
- იცი, ვასია, მას ხომ არ შეეძლო ჩვენი გაგდება ან რატომ უნდა გავეგდეთ? ის ერთ თვეში მოხსნეს, ამ ამბავმა გადაიყოლა.
- ანუ დავიდ დავიდოვიჩ, მთავარი ფეხბურთელებია, ესაა ამ ისტორიის მორალი?
ყიფიანმა კიდევ მოსვა. როგორც ჩანს, სუფრასთან მხოლოდ ერთი იდიოტი აღმოვჩნდი.
- ვასია, იცი? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეორე მწვრთნელი.
ყველა მე დამცინოდა, ყიფიანმა კი შემომთავაზა, გავიდეთ, მოვწიოთო. მოწევა მაგიდასთანაც შეიძლებოდა, თანაც არ ვეწეოდი. გარეთ რაღაც სისულელეზე ვილაპარაკეთ. ყიფიანს ეგონა, გულზე მომხვდა ის დაცინვა და სიტუაციიდან ჩემი გამოყვანა სურდა. აი, ასეთ რამეს "მეორე მწვრთნელი" ხომ ვერასოდეს შეძლებდა.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ დარასელია 30 წლის წინათ დაიღუპა. დავით ყიფიანიც ავარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, წამებით ადრე გული გაუჩერდა. გუშინ კი მე და ჩემი მეგობრები "საფეხბურთო კლუბში": დიმა სავინი, ვანია ხმელნიცკი, მიხაილ მელნიკოვი ჩვენი სერიალის მორიგ ფილმს ვაკეთებდით დიდ გუნდ თბილისის "დინამოზე".
მე უნდა წამეყვანა და ვერ შევძელი, არადა, მასალები ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი გადაცემა გამოდიოდა. გული დამწყდა.
დღეს გამეორებას ვუყურე - თბილისის "დინამოზე" სიუჟეტი ასრულებს გადაცემას - პირდაპირ გეუბნებით, ბედნიერებაა, რომ მე არ წამიყვანია გადაცემა. უბრალოდ, ამის მერე ვეღარ ვილაპარაკებდი. კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი, როგორი იყო ყიფიანი...
ბიჭებო, ზიკო უბრალოდ დაისვენებდა, მარადონა ალბათ ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისდიოდა ეს პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა...
ყიფიანი კი იქ, უბრალოდ, არ იყო. ეს ახლა ძალიან იოლი წარმოსადგენია, ის ხომ არც ახლა არის, აღარ არის...'' 

© საფეხბურთო კლასიკა
სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის დავით ნიკაჭაძე!

საინტერესო

  • lahm16
  • 7 ნოემბერი 2016 22:40
ასეთი ფეხბურთელები და რაც მთავარია ადამიანები სჭირდება ქვეყენას ისევ disappointed
  • tsandro
  • 8 ნოემბერი 2016 00:21
ეჰ, ერთი ყიფოსნაირი რო გვყავდეს ახლა :(
ციტატა: tsandro
ეჰ, ერთი ყიფოსნაირი რო გვყავდეს ახლა :(

ყიფო და მესხო და გუცაები :დ ასე გაგვიღირდებოდა მერეეე :დ
  • гоча
  • 17 მაისი 2017 06:57
Батон горгодзезе уфро обиектурад да мхатврулад ту винмес шеедзло гадмоеца кипианис сахе вер цармовидгенди! гаогнебули вар!цота шемрцхва да шемшурда уткинис ,ме Магона Марто ме вицоди кипианис фаси,исе рогорц квела гулшематкиварс гониа.мсгавси сцрафи сафехбурто азровнеьиса да пасис мконе фехбуртели джер ар дабадебула.ра магис пасухиа да батон дима оболадзес минда вкитхо миухедавад мис миер гакетебули ганцхадебис гарквеулцилад симартлиса: уткини гориа?/агараферс вамбоб дериугинзе капустинзе ,анпилоговзе,кратасиукзе,санеевзе да мравал схвазе/ мадлоба батон уткинс!мисма церилма гарквеули дзала да сицоцхлис сурвили дамибруна.браво!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით