გათიშვა

თუ ევრო 2024-ის მერვედფინალში გავალთ - ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეტოქე

თუ  ევრო 2024-ის მერვედფინალში გავალთ - ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეტოქე
8 თვის და 3 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრით გამოწვეული პირველი ეიფორია ნელ-ნელა ცხრება, საქართველოს ნაკრების ულშემატკივრები კი ნელ-ნელა ზაფხულში გასამართ ფორუმზე იწყებენ ფიქრს. 

გერმანიაში მოსახვედრ და ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დასასწრები გზების ძიების პარალელურად, უკვე დავიწყეთ იმის წარმოდგენაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები "ჯვაროსნებისთვის" თავიანთთვის სადებიუტო ევროპირველობაზე. 

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფშია განმწესებული. ქართველთა მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ პლეი ოფში არა მხოლოდ ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები, არამედ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის, იქ მოხვედრის ამბიცია გადამეტებული ნამდვილად არ უნდა იყოს.

თუ ქართველები მერვედფინალში სწორედ მესამე ადგილით გააღწევენ, მათი მეტოქე B ან C ჯგუფის გამარჯვებული იქნება. B ჯგუფში პირველობისთვის წესით ესპანეთმა და იტალიამ უნდა იბრძოლონ, C ჯგუფში კი გამოკვეთილი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია. F ჯგუფის მეორეადგილოსანი D ჯგუფის გამარჯვებულს ხვდება (ფავორიტებად აქ საფრანგეთი და ნიდერლანდები განიხილებიან), ხოლო თუ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მთავარი სენსაცია მოახდინა და თავისი ჯგუფი მოიგო, A, B და C ჯგუფებიდან რომელიმეს მესამეადგილოსანს შეხვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს, "ჯვაროსნებს" კი პირველი მატჩი 18 ივნისს, თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ელოდებათ.

FACEBOOK კომენტარები