გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა ძალიან ცუდად იწყება. ქართველ თავდამსხმელს არც "აეკთან" დღეს გამართულ მატჩში მიეცა თამაშის საშუალება. იგი მოედანზე ბოლოს 17 სექტემბერს ვნახეთ.
ცხადია, როცა გუნდში ასეთი მდგომარეობაა, მოვლენების მიქაუტაძის სასიკეთოდ განვითარების ერთ-ერთ გზად მისი სხვაგან გადაბარგებაც შეიძლება გვესახებოდეს. ნაკლებსავარაუდოა, ზაფხულში 16 მილიონ ევროდ ნაყიდი შემტევი ამსტერდამელებმა ასე მალე გაყიდონ, თუმცა გიორგის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განათხოვრება არც ისეთი წარმოუდგენელი უნდა იყოს, როგორიც ბევრს ჰგონია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემოგთავაზებთ 5 გუნდს, სადაც გადაბარგება გიორგის შესაძლოა დახმარებოდა.
ლიონი
ლიონი მიქაუტაძის მშობლიური ქალაქია. 2008-2015 წლებში იგი სწორედ "ოლიმპიკის" აკადემიაში დგამდა თავის პირველ ნაბიჯებს, ამიტომ "პარკ ოლიმპიკზე" დაბრუნება მისთვის მხოლოდ სასიამოვნო ემოციების მომტანი უნდა იყოს, რაც ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდება.
ლიგა 1-ის ცხრილში "ოლიმპიკი" ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს. "აიაქსის" არ იყოს, სეზონი კარგად ვერც ლიონელებმა დაიწყეს, თუმცა დიდ შემობრუნებას თუ გიორგისთან ერთად შეუდგებოდნენ, ამის წინააღმდეგი არავინ იქნებოდა.
ბარნლი
ზედიზედ ორი ზაფხულის განმავლობაში "ბარნლის" მიქაუტაძის გადაბირება ძალიან უნდოდა. საბოლოო ჯამში, "მეცის" დასახელებული თანხა ინგლისელებს ეძვირათ და აქცენტი სხვა თავდამსხმელზე გააკეთეს. კარგი ამას ნამდვილად არაფერი მოუტანია - პრემიერ ლიგის 7 ტურში გუნდს სულ 6 გოლი აქვს გატანილი.
ვენსან კომპანის 22 წლის ქართველთან ერთად მუშაობაზე ნაფიქრი აუცილებლად ექნება, ამიტომ მისი საკუთარ ტაქტიკაში ჩასმაც არ უნდა გაუჭირდეს.
ლილი
"ლილი" შეხვედრის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებს. გოლზე დაგეშილი "მასტიფების" მთავარი იარაღი ფლანგებიდან შეტევა და ცენტრფორვარდის მეტოქის მცველებს უკან შერბენაა, რაშიც გიორგი ერთ-ერთი საუკეთესოა.
ლიგა 1-ში მე-7 ადგილზე მყოფი გუნდი, რომელსაც მიქაუტაძეს წინა ზაფხულსაც უკავშირებდნენ, თავისი ყოფილი სამიზნის დამატების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.
ლაციო
როგორც აქ ჩამოთვლილ ყველა გუნდს, "ლაციალესაც" პრობლემები აქვს. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის 2 ტურში აღებული 4 ქულისა, სეზონს რომაელები ცუდად იწყებენ - სერია ა-ში მე-16 პოზიციაზე ყოფნა სწორედ ამაზე მეტყველებს.
"ნიუ იორკ სიტიდან" დიდი იმედებით მოყვანილ ტატი კასტელანოსს 7 მატჩში 0 გოლი აქვს გატანილი. ამ ფონზე, "ლაციოს" რომ თავისი ძველი სამიზნე გაახსენდეს და კვლავ მიქაუტაძეზე იფიქროს, უცნაური ნამდვილად არ იქნება.
მეცი
როცა სეზონი იწყებოდა, ქართველმა ფორვარდმა "მეცის" მაისურით 2 მატჩში გაიტანა და გუნდს 4 ქულა მოუტანა. გიორგის დატოვებულ ქულებს "მეწამულისფრებმა" მხოლოდ 4 ქულა დაუმატეს და ახლა მე-14 პოზიციაზე არიან.
დაკარგული ფორმის აღსადგენად "მეცი" მიქაუტაძისთვის საუკეთესო ადგილი უნდა იყოს, რადგან სწორედ ესაა ის გუნდი, სადაც მან გასულ სეზონში 24 გოლი შეაგდო.