ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე 24-ვე გუნდს მხოლოდ ტრიუმფი და სანუკვარი თასი უტრიალებს თავში, თუმცა ვერსად გავექცევით იმასაც, რომ ფინანსური მოტივაციაც საკმაოდ სერიოზულია. მოდი, ამაზე ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი 331 მილიონი ევროა, რაც წინა ტურნირის თანხასთან შედარებით 40 მილიონი ევროთი ნაკლებია. უეფაში ამის მიზეზ არ გვისახელებენ.
ცნობილია ისიც, თუ როგორ განაწილდება ეს თანხა:
მონაწილეობისთვის - 9.25 მილიონი ევრო
ჯგუფური ეტაპის მატჩის მოგება - 1 მილიონი ევრო
ჯგუფური ეტაპის მატჩის ფრედ დასრულება - 500 ათასი ევრო
მერვედფინალში გასვლა - 1.5 მილიონი ევრო
მეოთხედფინალში გასვლა - 2.5 მილიონი ევრო
ნახევარფინალში გასვლა - 4 მილიონი ევრო
ფინალში გასვლა - 5 მილიონი ევრო
ფინალის მოგება - 3 მილიონი ევრო
ჩემპიონს ჯამში 28.25 მილიონი ევროს შოვნა შეუძლია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ ეტაპს 9 ქულით დახურავს. შედარებისთვის, იტალიამ წინა ევროპის ჩემპიონატი ზუსტად ასე მოიგო და 34 მილიონი ევროც მოიხვეჭა.
საპრიზო თანხა საფეხბურთო ფედერაციების ანგარიშებზე ირიცხება. უეფა ამ ფულის განკარგვაში არ ერევა, ამიტომ ფედერაციებიც სახსრებს იქითკენ მიმართავენ, სადაც ამის საჭიროებას დაინახავენ.
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებს გერმანიაში თამაშით ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტის საკმაოდ სოლიდური თანხით შევსებაც ხელეწიფება. ვნახოთ, რა გამოვიდა ამ საქმიდან.