(footballnews.ge-ის მკითხველის, გელა გურასპაშვილის წერილი)
ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა, ბულგარეთი და თურქეთი აღზევების გზაზე არიან. ჩვენი ამბიცია მოვიპოვოთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ტურბოლენტურ გარემოში იქნება მთელი შესარჩევი ციკლის პერიოდში.
ისტორია აჩვენებს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ, თუმცა ისინი თავისით არ მარცხდებიან - სწორი ვექტორი ჩვენს შიგნით არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებაა, ჩვენი აქილევსი ჩვენს თავში გვაქვს საძებნი. ბურთი კი მრგვალია, მაგრამ რატომღაც მაინც სუსტების კარში გორდება. არ უნდა დარჩეს ფეხბურთელებისა და გუნდის დამაბრკოლებელი არცერთი ფარული თუ ხილული ნაღმი, რადგან მაღალი კლასის გუნდები სისუსტეებს როგორც წესი არ პატიობენ.
დიდი მოწიწებით, მაგრამ შიშველი კრიტიკა მოგვიწევს და თუ უნებეურად ვინმეს გულს ვატკენ იცოდეს რომ ეს პირადი არ არის, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან ეს ყველაფერი შეფასებითია და ნაკრების ინტერესებიდანაა გამომდინარე, არაობიექტურობისთვის კი უფალი სჯის, გამონაკლისი არ დაიშვება... რაც სწორია.
წარსული გამარჯვებებით დაუსრულებელი ტკბობა ყველაზე დიდი მტერია ამბიციის, მისი არსებობა იქ უნდა დამთვარდეს სადაც ახალი ამოცანა დგება. საბედნიეროდ გუნდში არ გავრცელდა ისეთი ვირუსი, როგორც ვარსკვლავური დაავადებაა, რაც იმ ოჯახების დამსახურებითაა, სადაც იზრდებოდნენ ჩვენი ბიჭები.
სანიოლი დარჩა, დარჩა წარმატების შემდეგ. ეს ტვირთიც არის და გაღლეტვის რეზერვიც. სწორედ ამიტომაა საჭირო დაუგვიანებელი კრიტიკა და სამართლიანი მიდგომები. ჩვენი წარმატებები მომავალი მოწინააღმდეგისათვის კონცენტრაციის ჩაუქრობელი ფაქტორი, გაზრდილი მოლოდინები და მოკლე სრულფასოვანი სათადარიგო სკამი ერთობლიობაში შავი "პალასაა", რომელსაც ცვლილებების გარეშე დიდი იმედგაცრუებისაკენ თვითდინებით მიგვაცურებს.
საქართველოს ნაკრები ქართველი ხალხის საკუთრებაა. მისი ყოფის მომკითხავი ქართველი ქომაგია. სრული იმედგაცრუების უფსკრულთან ვდგევართ. ბიჭების პოტენციალის მხოლოდ ნახევარია გამოყენებული - ენის მოჩლექვა ტაძრამდე არ მიგვიყვანს, სანამ ურემი გადაბრუნდება. ყველაფრისათვის კუთვნილი სახელის დარქმევა სულაც არ არის საძრახისი - სიჯანსაღის წინაპირობაა პირიქით.
ჩვენნაირ ჭაობ ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი, კორუფცია, ხალხის ნების არაფრად ჩაგდება, მართველთა საჯაროდ უცერემონიოდ თავიანთი ინტერესების ლობირება...ხშირად სპორტზეც ვრცელდება.
კონკრეტიკა
რა გახდა "დინამოს" პირველი იარუსის ერთი მონაკვეთის მოწესრიგება. "დინამო არენა" ნაკრების მე-12-ე მოთამაშეა. არსად ისე არ იგრძნობა ქართული მაჯისცემა, როგორც "დინამოზე". ნუთუ რომან ფიფიასა და საქართველოს მთავრობის დაპირისპირება ამაზე მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი ერთობის მთავარი ჭირი უსამართლობაა: მასზე დროებით ჩუმდებიან, თუმცა ქვეცნობიერში არავინ ივიწყებს; ფარულად იკარგება მოტივაცია, იბზარება მწვრთნელის პატივისცემა. გუნდის ინტერესების ხარჯზე ფეხბურთელის ზომაზე მეტად დასჯა ან ისეთი ფეხბურთელებისათვის, რომელთა კლასი არ შეესაბამება სანაკრებოს (არც საბაზრო ფასი და არც სერიოზული კლუბების ინტერესი ამაზე არ მეტყველებს) ნაკრებში თამაშის სტატისტიკის ხელოვნურად შექმნა ხევისკენ მიმავალი გზაა... მითუმეტეს კენჭისყრის შემდეგ დამდგარ რეალობაში.
სანიოლს თავისი სიმართლე აქვს კონკრეტულ მომენტში ამოიღოს მაქსიმუმი: თუნდ სათადარიგო გამოიძახოს ვეტერანი, რომელიც კონკრეტულ მომენტში 10-15 %-ით მეტს იძლევა, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ ახდენს უკვე დიდი ხანია.
პერსპექტივისთვის კი უკეთესია, რომ ეს 15-20 წუთი ითამაშოს ახალგაზრდობამ: სიგუა, სალია, კვერნაძე, საზონოვი, ლომინაძე და თუნდაც კალანდაძე ეს გულშემატკივართა ინტერესშია - რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს დაცვის გადახალისება მოგვიწევს.
კატასტროფა იყო ჩაკვეტაძისა და კიტეიშვილის ერთდროულად მინდვრიდან გაყვანა და შემდეგ მიქაუტაძის მიყოლება - ეს შეცდომაზე მეტია ეს ბრძოლის ველზე ფარხმალის დაყრაა - ყურებში ჩამესმა "მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო".
სანიოლის მთავარი "იაღლიში"
ფეხბურთის საწყისებთან გუნდები ორი მცველითა და რვა თავდამსხმელით თამაშობდნენ 208, შემდეგ 3-2-5 4-2-4 4-3-3 4-4-2 4-5-1 3-6-1 ეგეთიც იყო და არის, ყველა წინ და ყველა უკან.
ფეხბურთის ტაქტიკის მოდერნიზების ყველა ეტაპზე უკლებლივ მოთხოვნა იზრდებოდა მინდვრის შუაგულში გავლენის გაზრდაზე, მატულობდა ნახევარმცველთა რაოდენობაც. ეს დროის მოთხოვნა იყო...
სანიოლის არჩეული 5-3-2 წამგებიანი სქემაა. მას მეტოქეებმა ნაკლი უპოვეს. მაცდუნებელი პრობლემაა, რადგან სხვა ფაქტორებით კომპენსირდება, მიყურისძირებული ჭირია, თანაც უკვე ნამღერი, რომელიც თავს აუცილებლად შეგვახსენებს. ჩვენი გუნდი მინდვრის შუაგულში კაცნაკლები თამაშობს. მამარდას კარში უამრავი დარტყმები რომ ხორციელდება ნახეცვარდაცვაში სიმეჩხერეა ამის უმთავრესი მიზეზი - სამ ცენტრალურ მცველზე საიმედო ორი სტოპერია, როცა მის წინა ხაზს სამი ნახევარმცველი ამაგრებს.
ცალკე თემაა ასეთ პირობებში ნახევარმცველთა ფიზიკური გათანგვის საკითხი და უარყოფითი აურის, წართმევის უსაშველობის, ბრძოლაში უპირატესობის მიუღწევლობის, პანიკის ელემენტების წარმოშობა.
დღეს ამ ფორმატით ნაკრების ოპტიმალურ ვარიანტად 4-5-1 სქემა ასხივებს: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, აზაროვი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და თავდამსხმელი მიქაუტაძე, თუმცა დაცვაში ექსპერიმენტები უნდა გაგრძელდეს.
კვარაცხელიას შეზღუდვები უნდა მოეხსნას, ესე მეტის მიცემას შეძლებს გუნდისთვის და მისი გაჩერების გეგმა, რომელსაც მოწინააღმდეგე დებს ყველა თამაშის წინ (უხეშობაც ამ სქემის ნაწილია) ნაკლებად ეფექტური გახდება. ეს ფართო თემაა...
შეტევის სქემების ნახევარზე მეტი მიქაუტაძეზე უნდა აეწყოს, რადგან გუნდში მას ჩაკვეტაძესთან ერთად მომატების ყველაზე დიდი რეზერვი აქვს. მისი საოცარი პროდუქტიულობა ნაკრებში, ცივსისხლიანობა და უნარი 40-50 % მომენტები გოლებში გადაიყვანოს ხვთის წყალობაა.
ჯგუფში მეტოქეთა საფეხბურთო ძალა გვაიძულებს სახლში ბულგარელების გარდა ხუთი თამაში მეორე ნომრად ვითამაშოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეების სათამაშო მანქანას შეუქმნათ პრობლემები, რაც პირველ რიგში მათი ვარსკვლავების იამალისა და გულერის გაჩერებას გულისხმობს. თუმცა იამალის გაჩერება არ ნიშნავს ესპანეთის საათივით აწყობილი მექანიზმის შეჩერებას. გუნდური მოთამაშეა თურქეთიც.
ვარსკვლავების გაჩერების პრაქტიკა ქართულ ფეხბურთში არსებობს, ამაში სანიოლს კომპეტენტურად შეუძლია დაეხმაროს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბატ. რეზო ძოძუაშვილი, გავკადნიერდები! ჩვენც შეგვიძლია მივცეთ რჩევები ამ კომპონენტში. მცველმა ვარსკვლავი თვითონ პერსონალურად უნდა შეისწავლოს. ის არ უნდა იყვეს თავდამსხმელზე ნაკლებად სწრაფი და ა.შ.
თამაშები გუნდის მზადების პერიოდში უნდა მოვიგოთ.
●●●
ჭადრაკში ისე შეიჭრა ხელოვნური ინტელექტი და ისე "ჩამოალაბორანტა" მსოფლიოს საჭადრაკო ელიტის უკლებლივ ყველა ვარსკვლავი ჭადრაკის სამყარომ დღემდე ვერ გაარკვია ხვთის რა რისხვაა მის თავზე. ის მოვა ფეხბურთშიც, რადგან ის ასტრონომიული ფულბრუნვა რომელიც სპორტის №1 სახეობაშია თავის სარგებელს უყურადღებოდ არ დატოვებს. ასეთი პროგრამების შექმნას: ინტელექტუალების, კრეატიული პროგრამისტების, ფეხბურთის ერუდიტების და სტაფის ერთობა ჭირდება, რომელსაც მთავრისა და მეორე ხარისხოვნის განსხვავება შეუძლია. მალე ხელოვნური ინტელექტი მეცამეტე მოთამაშე გახდება. ადამიანის შესაძლებლობები ხელოვნურ ინტელექტთან კონკურენტი არ არის, რადგან ადამიანის ინტელექტი და ფიზიკური კონდენციები შემოფარგლულია. ამ მიმართულებით გარღვევის კმარი ფინანსები ქართულ ფეხბურთში კი არა, მთელ საქართველოში მიუწვდომელია, მაგრამ უფალი ტოვებს სასწაულის რესურსს, რომელიც მატერიალისტურად ვერ აიხსნება...პრაქტიკა აჩვენებს რომ ბევრჯერ გარღვევები ამ მიმართულებით სწორედ ინდივიდუალურად ხდება. ერთია კიდევ, სფერო მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა განავითარო, რომ მუდამ პირველი იყო, არამედ საერთო დონეს არ ჩამორჩე უსაშელოდ.
ამ მიმართულებით დეფიციტში ქართული ფეხბურთის იგნორი ეპოქალურ ჩამორჩენას ნიშნავს. საქართველოში არსებობს დაფარული პოტენციალი, თუმცა ეს ინტელექტუალური საკუთრებაა, საჯარო არც მომავალში გახდება.