გათიშვა

ვილი სანიოლის 5 ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს ნაკრებში

ვილი სანიოლის 5 ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს ნაკრებში
1 წლის წინ
ირაკლი ხასაია

ვილი სანიოლის ხელში საქართველოს ნაკრებმა თავისი მე-2 შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა. ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ჯვაროსნები" ჯერ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ჩარჩნენ, შემდეგ კი ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი დაასრულეს წარუმატებლად. ის, რაც სანიოლს თანამდებობას უნარჩუნებს, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები თამაში და იქიდან მოპოვებული შანსია - ლუქსემბურგისა და ყაზახეთ/საბერძნეთიდან ერთ-ერთის დამარცხებით რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაჰყავს.

ნაკრების მომდევნო მატჩამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, რაც გვაძლევს საშუალებას, ვილის მოღვაწეობას თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოთ და ამჯერად მის მიერ დაშვებული 5 ის შეცდომა გავიხსენოთ, რომელიც გულშემატკივარს განსაკუთრებით დაამახსოვრდა. იმედია, სანიოლი იმას ძალიან კარგად იაზრებს, რომ მარტში შეცდომების დაშვების ფუფუნება აღარ ექნება.

სრული გაუგებრობა ესპანეთთან

პირველი შემთხვევა, როცა ქართველმა ქომაგმა სანიოლის გადაწყვეტილებისა ვერაფერი გაიგო, 2021 წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა. ესპანეთის ნაკრებთან გამართულ საგარეო მატჩში ფრანგმა სპეციალისტმა მოედანზე ასეთი თერთმეტეული გაიყვანა:

გიორგი ლორია, გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ზარია

შერჩეული კადრებიც და ტაქტიკაც გულშემატკივრისთვის ამოუხსნელი დარჩა. დიდად კომფორტულად თავი ვერც თავად ფეხბურთელებს უნდა ეგრძნოთ, რადგან ის მატჩი მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა. "ფურია როხამ" ქართველ სტუმრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და შინ დამწუხრებული გაუშვა, თუმცა ბევრი დღესაც იმ აზრზეა, რომ შეხვედრა "ჯვაროსნებმა" არა უშუალოდ მინდორზე, არამედ იქამდე რამდენიმე საათით ადრე წააგეს, როცა მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეული შეადგინა.

ყურადღების მიღმა დატოვებული U21

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა გახლდათ. ახალგაზრდა "ჯვაროსნებმა" საშინაო კედლების უპირატესობა გამოიყენეს და სიკვდილის ჯგუფიდან, სადაც პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იყვნენ თავმოყრილნი, პირველი ადგილით გავიდნენ. სანიოლი ჯგუფური ეტაპის არცერთ მატჩს დასწრებია, გულშემატკივართა პროტესტის მერე კი მეოთხედფინალში, ისრაელის ნაკრებთან შეხვედრისას გამოჩნდა ტრიბუნაზე. ფრანგი სპეციალისტის ჩამოსვლა სვე-ბედნიერი ნამდვილად არ აღმოჩენილა - რამაზ სვანაძის შეგირდები პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების გამოტოვება სანიოლისგან იმ უპასუხისმგებლო ქმედებად შეფასდა, რომელიც ქომაგს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

4 მცველი და კრახი ისევ ესპანეთთან

სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში ალბათ არ მოიძებნება სხვა ისეთი გუნდი, რომელსაც მისთვის ისეთი მწარე დარტყმები ჰქონდეს მიყენებული, როგორც ეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს გაკეთებული. პირენეელებმა ამა წლის 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" 7 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღეს და საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი აგემეს. ამ მარცხის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ვილის გადაწყვეტილება გახლდათ - 48 წლის სპეციალისტმა თავის ჩვეულ, 3-მცველიან ტაქტიკას უღალატა და "ფურია როხას" გოჩოლეიშვილი-კვირკველია-კაშია-აზაროვის უკანა ხაზით დახვდა. ამ ოთხეულიდან კარგად არავის უთამაშია, კვირკველიამ ავტოგოლიც გაიტანა და საბოლოო შედეგად ის მივიღეთ, რომ გიორგი მამარდაშვილს საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა 7-ჯერ მოუწია.

გიორგი გოჩოლეიშვილის საკითხი

ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ გამოქვეყნებულ განაცხადში დონეცკის "შახტარის" ფლანგელი, გიორგი გოჩოლეიშვილი ვერ მოხვდა. სანიოლმა თავისი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე ახსნა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ესპანეთთან და ნორვეგიასთან გაშვებულ 6 გოლში მიუძღოდა დანაშაული. რამდენად სწორი საქციელია მთავარი მწვრთნელისგან მთელი პასუხისმგებლობის ერთ მოთამაშეზე დაკისრება, შეგიძლიათ თავადაც შეაფასოთ. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სექტემბრის ავადსახსენებელ შეხვედრებში გოჩოლეიშვილზე უკეთესი შთაბეჭდილება არც სხვა მცველებს დაუტოვებიათ, თუმცა სანაკრებო სიიდან ისინი არ ამოვარდნილან. სხვათა შორის, სიტუაცია დიდად არც ნოემბერში გამოსწორებულა - გიორგის სულ 12 წუთი მიეცა.

საბა საზანოვის გამოუძახებლობა

მაშინ, როცა დაცვის ცენტრი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად ყალიბდება, საბა საზანოვს ძირითად ნაკრებში თამაშის შანსი არ ეძლევა. მართალია, "ტორინოს" უკანახაზელს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იძახებენ, მაგრამ მარტის მატჩებამდე ისეთი დაცვის ცენტრის გამოცდა, რომელშიც საბა წამყვან როლს ითამაშებდა, გაცილებით მნიშვნელოვნად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა. როგორც ჩანს, სანიოლმა ეს საკითხი განსხვავებულად დაინახა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სანანებლად არ გაუხდება.


ცხადია, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. მთავარი ახლა ის გახლავთ, ისწავლის თუ არა თავის შეცდომებზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დასკვნების გამოსატანად საუკეთესო შანსი 21 და (იმედია) 26 მარტს გვექნება - თუ სანიოლი გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანს, ამ გზაზე დაშვებული შეცდომებიც მეორეხარისხოვანი გახდება.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ