

მიუნხენის "ბაიერნისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსმა პრესას გაუმხილა მთავარი მიზეზი, რატომაც "რეკორდმაისტერმა" იულიან ნაგელსმანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება იჩქარა და გუნდის მესაჭედ თომას ტუხელი დანიშნა.
"ნაგელსმანის გაშვება არა მარტო ჩემთვის, არამედ ბევრი ადამიანისთვის იყო დიდი მოულოდნელობა. მან კარგი სამუშაო გასწია და ბუნდესლიგა მოიგო. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი წელი დიდად კარგი არ ჰქონდა, მაგრამ წელს "პსჟ", "ინტერი" და "ბარსელონა" ორ-ორჯერ დაამარცხა. ბუნდესლიგაში სრულყოფილი არ იყო, თუმცა ტიტულთან ახლოს ტრიალებდა.
თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ პირველი აპრილი არ იდგა. ზოგადად, ფეხბურთელები ყოველთვის მწვრთნელის მხარეს არ იჭერენ ხოლმე, მაგრამ ისინი ნაგელსმანთან ერთად ბედნიერები იყვნენ და როცა მან გუნდი დატოვა, მწვრთნელზე პოზიტიურად ისაუბრეს. მაგალითად, ეს კიმიხსა და გორეცკაზე ითქმის. რაღაც ისეთი მოხდა, რაც არ ვიცით. გულშემატკივრები ნაგელსმანით კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ არ ვიცით, რამ მიაღებინა კლუბს ეს გადაწყვეტილება. პირადად მე, არ ვიცი.
ტუხელი "იუვენტუსთან" ახლოს გახლდათ. შეიძლება მეკარეების მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემა იყო ნაგელსმანის გაშვების მიზეზი, ვერ გეტყვით. ტუხელი თავისუფალი იყო, "ბაიერნი" კი ნაგელსმანსს 100%-ით არ ენდობოდა. მას რომ სამი ტიტული მოეგო, ვერ შეცვლიდნენ, ამიტომ მისი ახლა შეცვლა გადაწყვიტეს," - თქვა მათეუსმა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან ამა წლის 25 მარტს გაათავისუფლა. ბავარიელებმა ახალგაზრდა სპეციალისტი თომას ტუხელით ჩაანაცვლეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი გერმანიის თასიდან "ფრაიბურგმა" გამოაგდო, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან "მანჩესტერ სიტიმ" დაიფრინა.
მიუნხენელები ძალიან ახლოს არიან ბუნდესლიგის წაგებასთანაც. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო უქმეებზე დორტმუნდის "ბორუსია" "მაინცს" დაამარცხებს, ჩემპიონები სწორედ დორტმუნდელები გახდებიან.