• 30-04-2022
    "ბიჭი, რომელიც კიდევ ბევრს გააოცებს"
    "ბიჭი, რომელიც კიდევ ბევრს გააოცებს"

    მშობლიური მიწიდან მოშორებით, შორეულ ესპანეთში, ეს ბიჭი ყოველ მატჩში სასწაულებს აკეთებს. "ვალენსიას" მეორე გუნდის მეკარედ ჩასული, დღეს ძირითადი კლუბის სასტარტოს სტაბილური წევრია.



    ველოდით ამას, საფუძველს თავად გიო გვაძლევდა. მისი შემართება და მოტივირებულობა თავიდანვე აღსანიშნავი იყო.უბრალოდ, ვუყურებთ და ვამაყობთ, მთელი საქართველო ამაყობს. ეს კი ჯერ მხოლოდ კარიერის საწყისია და მომავალი ნამდვილად ნათელია.  ბავშვობაში ჩაფიქრებული მისი თითოეული ოცნება რეალობად იქცევა. ისეთ მშრომელ და თავმდაბალ ადამიანს, როგორიც გიორგია, ყველაფერი გამოუვა.



    21 წლის მამარდაშვილმა საქართველო მთელ ესპანეთს გააცნო.როგორი ამაღელვებელია თითოეული ქართველისთვის, როცა მთელი "მესტალია" მამარდაშვილის გვარს სკანდირებს, ქუჩაში გამვლელს მას რომ უხსენებ, ყველა დადებითად მოიხსენიებს. გულშემატკივრები გიოს ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ. დაიმსახურა! ნამდვილად დაიმსახურა. მან ბევრი რამ ჩადო, რათა ამისათვის მიეღწია. იგი დღეს კიდევ ერთხელ გახდა KING OF THE MATCH- მატჩის საუკეთესო მოთამაშე.



    დარწმუნებული ვარ, რომ გიო თითოეული ადამიანისთვის უდიდესი მოტივაციის მიმცემია. მან კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი წარმოგვიჩინა იმისა, რომ თავდაუზოგავი შრომა, ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.  ოცნებების ასრულება დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ არასდროს არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, მივყვეთ დინებას და გამოვიყენოთ ის შანსები, რომელსაც ცხოვრება მოგვცემს. და თუ ოდესმე იფიქრებ, რომ ყველაფერ ზემოთხსენებულს შედეგი არ აქვს, გიორგი მამარდაშვილი გაიხსენე.

    Facebook კომენტარები