• 21-07-2023
    მამარდაშვილის "ბაიერნში" ტრანსფერი გამოირიცხა
    მამარდაშვილის "ბაიერნში" ტრანსფერი გამოირიცხა

    როგორც ჩანს, გიორგი მამარდაშვილს მიუნხენის "ბაიერნში" ვერ ვიხილავთ. ამ დასკვნის გამოტანა Sky Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეგვიძლია.

    ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, "ვალენსიასა" და "რეკორდმაისტერს" შორის მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოს არასდროს მისულა. 

    ბავარიელთათვის მთავარ ბარიერად ის ფასი იქცა, რომელიც "ლოს ჩემ" ქართველ გოლკიპერს დაადო - 30 მილიონი ევრო.

    მამარდას ტრანსფერის ჩაშლიდან გამომდინარე, "ბაიერნი" თავის შვეიცარიელ მეკარეს, იან ზომერს ჯერ არსად უშვებს. არადა, მილანის "ინტერი" ზომერს უკვე დიდი ხანია უმიზნებს. იმ შემთხვევაში, თუ იანს "ალიანც არენადან" არ გაუშვებენ, არაა გამორიცხული, "ნერაძური" გიორგის მიუბრუნდეს.

    თუმცაღა, აღვნიშნოთ ისიც, რომ მამარდაშვილი მილანელებსაც ეძვირებათ.

    შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთან" კონტრაქტი ახალგაზრდა კიპერს 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები