• 31-05-2023
    ვინ არის კონსტანტინე მარადიშვილი - საქართველოს ნაკრების შესაძლო ახალწვეული
    ვინ არის კონსტანტინე მარადიშვილი - საქართველოს ნაკრების შესაძლო ახალწვეული

    როგორც მოგეხსენებათ, ქართულ სპორტულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინე მარადივილს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა.

    ახალგაზრდა შუახაზელი მზადაა, რომ თუ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს, ივნისში, კვიპროსისა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებთან გასამართ მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა.

    მარადიშვილის გვარი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უკვე წლებია ესმის, თუმცა მაინც არ იქნება ურიგო, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, ვინ არის და რას წარმოადგენს "ჯვაროსანთა" პოტენციური ახალწვეული.

    კონსტანტინე მოსკოვის "ცსკა-ს" აკადემიის აღზრდილია. მოსკოვური კლუბი მან 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და "ლოკომოტივს" მიაშურა. "რკინიგზელებმა" ტრანსფერში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 81 მატჩში ნახევარმცველის მონაგარს 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეადგენს. მარადიშვილს 12-ჯერ აქვს ნათამაშები ევროპა ლიგაზეც, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მოეძევება. თუ უშუალოდ მიმდინარე სეზონის სტატისტიკას ავიღებთ, იგი შემდეგნაირია: 25 მატჩი, 2 გოლი, 5 ასისტი.

    მარადიშვილს უთამაშია რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც. 20-წლამდელთა ეროვნულ გუნდში მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი შეაგდო. 6 კეპი აქვს 21-წლამდელთა ნაკრებშიც.

    კონსტანტინე რუსეთის მთავარ ნაკრებში თამაშსაც მოუთმენლად ელოდებოდა, რაზეც მის მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს: "ამ ეტაპზე, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვარ და სხვა არაფერი მაინტერესებს. უკვე გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებშიც. შანსისთვის მადლობას ვუხდი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვალერი კარპინს. ეს ფაქტი მეამაყება. როგორც ჩანს, ფეხბურთს ტყუილად არ ვთამაშობ".

    როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს და მათ ერთმანეთში თამაშის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, მარადიშვილმა გადაწყვიტა, ფესვებს დაბრუნებოდა. თუ ბოლო ცნობებს ვენდობით, ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის "ჯვაროსანთა" რიგებში ჩარიცხვა თითქმის გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტანტინეს ვილი სანიოლის გუნდში ძალიან მალე ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები