• 11-06-2023
    "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
    "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონი "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო!

    "ქალაქელებმა" გადამწყვეტ მატჩში მილანის "ინტერი" დაამარცხეს, ანგარიშით 1:0.

    შეხვედრის ერთადერთი გოლი როდრის ანგარიშზეა. "სიტიზენთა" ესპანელმა ნახევარმცველმა 68-ე წუთზე გაიტანა. როდრიმ "ინტერის" საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ონანას აუღებელი დაურტყა.

    "ნერაძურიმ" გაშვებული გოლის შემდეგ ძალიან რეალური მომენტები შექმნა. გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ფედერიკო დი მარკოს, რომლის თავური დარტყმული ხარიხამ მოიგერია, შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე კი ანგარიშის გათანაბრებასთან რომელუ ლუკაკუ იყო ახლოს. ბელგიელი ძალიან ახლო მანძილიდან, თავით ცდილობდა "სიტის" კარის აღებას, მაგრამ მან ბურთი ედერსონის ფეხს მოახვედრა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ფინალის მოგება "სიტიზენებს" თავიანთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის გარეშე მოუწიათ. ბელგიელმა ნახევარმცველმა მოედანი 36-ე წუთზე, ტრავმის გამო დატოვა.

    სტამბოლში გამართული ფინალიც 90 წუთში დასრულდა. სხვათა შორის, ეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხე ფინალია, რომელიც ერთი გატანილი გოლით სრულდება.

    გეტყვით, რომ "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულია. აწ უკვე დასრულებულ სეზონში მანკუნიელებმა 3-ვე დიდი ტიტული მოიგეს და ტრიპლეტი შეასრულეს. პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგა - პეპ გვარდიოლას გუნდს ზღაპრული წელი გამოუვიდა.

    Facebook კომენტარები