• 20-06-2022
    “პერსეპოლისს ყოველთვის მაქსიმალური მიზნები აქვს დასახული” - ინტერვიუ გიორგი გველესიანთან
    “პერსეპოლისს ყოველთვის მაქსიმალური მიზნები აქვს დასახული” - ინტერვიუ გიორგი გველესიანთან

    გუშინ ირანულმა გრანდმა "პერსეპოლისმა" 31 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.


    ქართველი ფეხბურთელი ირანის ისტორიაში ყველაზე ძლიერ კლუბში ჩაირიცხა. გიორგი უკვე მე-5 წელია აზიაში ასპარეზობს და სპარსეთის ყურის პრო ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი გახლავთ.


    31 წლის ფეხბურთელს თავისი კარიერის მანძილზე "სეფაჰანში", "ზობ აჰანში", "ნასაჯი მაზანდარანიში" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.


    "ფუტბოლნიუსი" გიორგი გველესიანს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:


    – როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?


    – ორი კვირაა რაც ვისვენებ, გასულ წელს ხანრგძლივი სეზონი მქონდა, ესეთ დროს ფორმის შენარჩუნებაზე მეტად ფსიქოლოგიურ განტვირთვაზე ვფიქრობ, სეზონის დაწყებამდე 6 კვირით ადრე კი ვიწყებ ფიზიკურ აქტივობებს და სრულფასოვან ვარჯიშს.


    – როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს პერსეპოლისში?


    – პერსეპოლისი ირანული გრანდია, ნებისმიერი ირანელი ფეხბურთელის ოცნებაა ამ გუნდში მოხვედრა. ამ დროს, როცა ირანს წინ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო, ყველა ირანელი ფეხბურთელი, თუნდაც უცხოეთში მოთამაშე, ცდილობს ამ გუნდში მოხვდეს, რათა, მსოფლიოზე თამაშის შანსი მიეცეს. შესაბამისად, ამ გუნდში მომავალ წელს უდიდესი კონკურენცია იქნება ყველა პოზიციაზე. ამ გუნდში, ამ დროს, ჩემი მოხვედრა კი, ცალსახად ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


    – რამდენ წლიანი ხელშეკრულება გააფორმე შენს ახალ გუნდთან?


    – კონტრაქტი 1 წლიანია.


    – გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები?


    – მქონდა ირანული რამოდენიმე გუნდიდან შემოთავაზება. აგრეთვე, ჩემ ყოფილ გუნდს სურდა კონტრაქტის გახანგრძლივება. რამოდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული საუდის არაბეთიდან. იყო შემოთავაზებები ემირატებიდან და ყაზახეთიდან.


    – რა იქნება შენი გუნდის მიზანი მომავალ სეზონში?


    – პერსეპოლისს ყოველთვის მაქსიმალური მიზნები აქვს დასახული, საკმაოდ ლეგიტიმური და ლოგიკურიცაა მსგავსი ამბიცია ქონდეს. ხალხი ყველა ტურნირის მოგებას ითხოვს, სადაც მონაწილეობას ვიღებთ.


    – ირანის ლიგას როგორ შეაფასებდი?


    – ირანული ლიგა ძალისხმიერი, კონკურენტუნარიანი და საინტერესოა. მარტივი გასეირნება არცერთ გუნდთან არ გვაქვს, შესაბამისად, მარტივი 3 ქულაც რთული დასაგეგმია.


    – როგორ ფიქრობ რა მსგასვება და განსხვავება აქვს ქართულ და ირანულ ფეხბურთს?


    – ამ ორ ჩემპიონატს შორის ბევრი საერთოა, იქაც არიან ბევრი ნიჭიერი ახალგზარდა ფეხბურთელები. იმ განსხვავებით, რომ იქ ახალგაზრდა რთულად იღებს შანსს, იმ მარტივი მიზეზით, რომ უდიდესი კონკურენციაა. ირანში თქვენ შეხვდებით 37-40 წლამდე ფეხბურთელებსაც კი, რომლებსაც არავინ მიანიშნებს საფეხბურთო ხანდაზმულობაზე. ისინი კი, როგორც წესი, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ყველაზე მთავარი, რაც ირანული ჩემპიონატის დონეს ერთი ორად მაღლა წევს, არის ის რომ, ფინანსური მდგრადობაა თითქმის ყველა გუნდისგან კვალიფიციური ლეგიონერების ჩამოსაყვანად.


    – სეფაჰანში გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებ და რას ეტყოდი ამ გუნდს?


    – სეფაჰანში 3 წელი გავატარე, დაუვიწყარი მოგონებები და ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. როგორც ყველგან, ჩვენც გვქონდა წარმატებები და წარუმატებლობები. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ გატარებულ დროს დადებითად ვაფასებ.


    – აზიის ჩემპიონთა ლიგას როგორ დაახასიათებდი?


    – აზიის ჩემპიონთა ლიგა საინტერესო ტურნირია, რა თქმა უნდა, დონით შორსაა ევროპის ჩემპიონთა ლიგისგან, მაგრამ საკმაოდ საინტერესო გუნდებია ყოველთვის თავმოყრილი. 


    – თბილისის დინამოსაც რომ შევეხოთ, როგორ შეაფასებდით თქვენს მიერ გატარებულ დროს დინამოში


    – დინამოში 15 წელი გავატარე, თითქმის მთელი ბავშვობა. ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და პიროვნებად. ეს გუნდი არის ჩემი ოჯახი, ესაა ადგილი საიდანაც ჩემი საფეხბურთო გენეტიკა მოდის.



    Facebook კომენტარები