• 10-10-2023
    ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    ავტორი
    Aa

    ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. თავისი გადაწყვეტილება ბელგიელმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ამცნო.

    "საკუთარ თავს უნდა მოუსმინო და სწორ დროს შეჩერდე.

    16 წლისა და 700-ზე მეტი ჩატარებული მატჩის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დავასრულო.

    ჩემი კარიერის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი დიდებულ ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს - მადლობას გიხდით ამ დიდებული დროისთვის, ყველანი მომენატრებით.

    ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდებს, რომლებშიც მითამაშია: "ლილს", "ჩელსისა" და "რეალს". მადლობელი ვარ ბელგიის საფეხბურთო ასოციაციისაც, რადგან ისინი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მირჩევდნენ.

    განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მრჩევლებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩემთან ახლოს იყვნენ როგორც კარგ, ასევე ცუდი დროებისას.

    და ბოლოს, უდიდესი მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მქომაგობდით და მამხნევებდით ყველგან, სადაც მითამაშია.

    ახლა ჩემს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებისა და ახალი გამოცდილების მიღების დროა. მალე გნახავთ მოედნის მიღმა, ჩემო მეგობრებო," - წერს აზარი.

    32 წლის აზარმა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი ლონდონის "ჩელსიში" გაატარა, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო. 2019 წელს იგი მადრიდის "რეალს", 89 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. სწორედ ამ ტრანსფერით დაიწყო ბელგიელის კარიერის დაღმასვლა - მიუხედავად იმისა, რომ ედენმა მადრიდში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა (გუნდური თვალსაზრისით), ამაში მისი წვლილი მიზერული გახლდათ. ტრავმების გამო, აზარმა თავისი ესპანური კარიერის უმეტესობა საფეხბურთო მინდორს მიღმა გაატარა. 

    აქვე ვახსენოთ, რომ ბელგიის ნაკრებში აზარმა პირველად 2008 წელს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშა. ფლამანდრიელთა მაისურით ჩატარებულ 126 მატჩში მან 33 გოლი მიითვალა. 

    Facebook კომენტარები