• 22-11-2022
    დანია 0:0 ტუნისი - პირველი უგოლო ფრე კატარში
    დანია 0:0 ტუნისი - პირველი უგოლო ფრე კატარში
    Aa

    მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფი დანიისა და ტუნისის ეროვნული ნაკრებების მიერ გაგორებული ნულოვანი დრით გაიხსნა.


    დანიელები ამ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატებზე აფრიკულ ნაკრებებთან თამაშის შესანიშნავი ისტორიით ხვდებოდნენ. ამ კონტინენტის წარმომადგენლებთან ჩრდილოელებს სულ 4-ჯერ ჰქონდათ ნათამაშები. მათი მონაგარი 2 გამარჯვება და 2 ფრე გახლდათ. 


    რაც შეეხება ტურნირს, ისინი ევროპელ მეტოქესთან თავიანთი სადებიუტო მოგების მოლოდინში იყვნენ - 7 მარცხი, 3 ფრე. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მათ კარი მშრალად არასდროს შეენახათ.


    მიმდინარე მუნდიალის თითქმის ყველა მატჩის მსგავსად, ამ თამაშსაც დინამიური სტარტი ჰქონდა, თუმცა გუნდები გადამწყვეტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ. 


    ტუნისმა პირველი ხიფათი მე-11 წუთზე შექმნა. მუჰამედ დრაგერის შორეულ დარტყმულს ანდრეას კრისტენსენი გადაეფარა, "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს მოხვედრილმა ბურთმა კი კასპერ შმეიხელის კარს შორიდან ჩაუარა.


    კასპერ დოლბერი და ანდრეას სკოვ ოლსენი, რომლებსაც გოლზე ზრუნვა ევალებოდათ, ტუნისელთა დაცვაში სივრცეს უბრალოდ ვერ პოულობდნენ.


    43 წუთზე ანგარიში ისმაილ ჯებალიმ კინაღეამ გახსნა. თავდამსხმელი შმეიხელთან ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა მის დარტყმულს "ნიცას" კიპერმა თითები წაჰკრა და დანიის ნაკრები კიდევ ერთხელ გადაარჩინა. შესვენებაზე გუნდები ნულოვანი ფრით გავიდნენ.


    მეორე ნახევარში დანიელთა ყველაზე რეალური მომენტი კრისტიან ერიქსენმა შექმნა. გამოცდილმა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენათი გაისროლა, მაგრამ მისი დარტყმულიც მეკარემ აიღო.


    მატჩის ბოლოს დანიის ნაკრებს ლამის პენალტის დარტყმის შანსი მიეცა. სეზარ არტურო რამოსს ეპიზოდს ვიდეორეფერის საშუალებით გადახედვა სთხოვეს, თუმცა მან თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.


    საბოლოო ჯამში, კატარის მუნდიალზე პირველი ნულოვანი ფრე ვიხილეთ. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დანია საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ტუნისი ურთიერთობას ავსტრალიასთან გაარკვევს. ორივე მატჩი 26 ნოემბერს გაიმართება.


    ალ რაიანი. „სიტი სტადიუმი“. 42 925 მაყურებელი


    დანია 0:0 ტუნისი


    დანია: შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი (65.იენსენი), ანდერესენი - მეჰლე, ჰოიბერგი, ერიკსენი, დელანი (45+1.დამსგორი), კრისტენსენი - დოლბერგი (65.კორნელიუსი), სკოვ ოლსენი (65.ლინდსტრომი)


    ტუნისი: დაჰმენი - ტალბი, მერია, ბრონი - დრაგერი (88.კეჩრიდა), სხირი, ლაიდუნი (სასი), აბდი - სლიმანი (67.სლიტი), მსაკნი (80.მეჟბრი) - ჯებალი (80.ხენისი)

    Facebook კომენტარები