• 23-11-2022
    საფრანგეთი 4:1 ავსტრალია - ჟირუ ანრის გაუთანაბრდა
    საფრანგეთი 4:1 ავსტრალია - ჟირუ ანრის გაუთანაბრდა
    Aa

    2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე საფრანგეთისა და ავსტრალიიის ნაკრებების მატჩით დაიხურა. "მამლებმა" დანიის ეროვნული გუნდის მიერ ტუნისთან ფეხის დაცდენით ისარგებლეს და D ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ - დაამარცხეს რა ავსტრალიელები, ანგარიშით 4:1.


    არადა, "სოკეროსებისთვის" ყველაფერი ძალიან კარგად იწყებოდა. მატჩის მე-9 წუთზე საფრანგეთის დაცვის მარცხენა ფლანგი ჩავარდა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი კრეიგ გუდვინი გამოეხმაურა, რომელმაც უგო ლორისს შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის პირველი გოლი სწორედ გრეჰემ არნოლდის შეგირდებმა გაიტანეს. დიდიე დეშამის გუნდისთვის კიდევ უფრო სამწუხარო ის გახლდათ, რომ გოლის ეპიზოდში ლუკა ერნანდესმა მიიღო ტრავმა. "ბაიერნის" მცველის ნაცვლად მოედანზე მისი ძმა, ტეო ერნანდესი შევიდა.


    საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი მატჩის დებიუტში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მათ საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს. ერთხელ ეს ავსტრალიელთა შორეულ დარტყმაშიც გადაიზარდა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.


    არეული სიტუაციის დალაგება ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ ითავა. 27-ე წუთზე მან ანგარიში გაათანაბრა, აქედან 5 წუთში კი ოლივიე ჟირუს გაუკეთა საგოლე გადაცემა. 32-ე წუთისთვის "მამლები" უკვე იგებდნენ და თამაშიც მათ კონტროლს დაექვემდებარა.


    მეორე ტაიმში ფრანგებმა ასევე ორჯერ შეძლეს მეთიუ რაიანის დამწუხრება. 68-ე წუთზე უსმან დემბელეს ჩაწოდებით კილიან მბაპემ ისარგებლა. სამი წუთის შემდეგ კილიანმა ასისტიც მიითვალა - ადრესატი ისევ ჟირუ იყო.


    დღეს შესრულებული დუბლის შემდეგ ოლივიეს საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 51 გოლი დაუგროვდა. ამ შედეგით იგი ნაკრების ისტორიაშის საუკეთესო ბომბარდირს, ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ბუნებრივია, ერთპიროვნულად გალიდერების შანსი "მილანის" ცენტრფორვარდს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ექნება.


    აქვე შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში საფრანგეთი 3 ქულით პირველია, მე-2 და მე-3 ადგილებს დანია და ტუნისი იყოფენ თითო-თითო ქულით, უქულო ავსტრალია კი ფსკერზე განისვენებს. მეორე ტურის შეხვედრები ამ ჯგუფში 26 ნოემბერს გაიმართება - თბილისის დროიტ 14 საათზე ტუნისი და ავსტრალია ითამაშებენ, ხოლო 20 საათზე დანიისა და საფრანგეთის ჯახს ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები