• 23-11-2022
    ესპანეთი 7:0 კოსტა-რიკა - "ლა როხა" მრისხანედ იწყებს
    [/xfgiven_playerads]
    ესპანეთი 7:0 კოსტა-რიკა - "ლა როხა" მრისხანედ იწყებს
    Aa

    ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის მეორე მატჩში კოსტა-რიკის ეროვნულ გუნდს გადაუარა, ანგარიშით 7:0. მუნდიალების ისტორიაში ეს "ფურია როხას" ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვებაა, რაც ტურნირის სხვა მონაწილეებმა მნიშვნელოვან მესიჯადაც უნდა აღიქვან - ლუის ენრიკეს შეგირდები კატარში საჩემპიონო ამბიციებით ჩავიდნენ.


    პირენეელებმა არგენტინისა და გერმანიის მწარე გამოცდილება გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ საქმე თავიდანვე მოემთავრებინა. ასეც მოხდა: სასტარტო სასტვენიდან ნახევარი საათის თავზე, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონები უკვე 3:0-ს იგებდნენ.


    მე-11 წუთზე ესპანეთი დანი ოლმომ დააწინაურა. აქედან 10 წუთში მარკოს ასენსიომ ჟორდი ალბას დროული პასი დააგვირგვინა, 31-ე წუთზე კი ფერან ტორესმა გამოიყენა იმავე ალბას წაქცევის გამო დანიშნული პენალტი. შესვენებაზე გუნდები სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ.


    54-ე წუთზე ტორესმა დუბლი შეასრულა და მოედანიც მალევე დატოვა. 74-ე წუთზე თავისი გოლი პაბლო გავიმაც შეაგდო, რითაც იგი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების მასიურით მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გაიტანა. გავის სარეკორდო გოლის შემდეგ თავები კარლოს სოლერმა და ალვარო მორატამაც გამოიჩინეს.


    7:0 და, რა თქმა უნდა, ესპანეთი E ჯგუფის ლიდერია, უსწრებს რა გოლების სხვაობით ასევე 3 ქულის პატრონ იაპონიას. მომდევნო მატჩი "ფურია როხას" კვირას, გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელოდება. რაც შეეხებათ კოსტა-რიკელებს, ისინი იაპონიას დაუპირისპირდებიან.


    კოსტა-რიკისა და იაპონიის ჯახი თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპული ფეხბურთის კლასიკა 23 საათიდან გველოდება.


    დოჰა. „ალ ტუმამა“. 40013 მაყურებელი


    ესპანეთი 7:0 კოსტა-რიკა 


    გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ფერან ტორესი (31, პენ), 4:0 ფერან ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90+2)


    ესპანეთი: სიმონი - ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა (64. ბალდე) - ბუსკეტსი (64. კოკე) - გავი, პედრი (57. სოლერი) - ფ. ტორესი (57. მორატა), ასენსიო (69. ნ. ვილიამსი), ოლმო


    კოსტა რიკა: ნავასი - მარტინესი (46. ვასტონი), დუარტე, კალვო, ოვიედო (82. მატარიტა) - ფულერ სპენსი, ბორხესი (72. აგილერა), ტეხედა, ბენეტე (61. რუისი) - კემპბელი, კონტრერასი (61. ზამორა)

    Facebook კომენტარები