

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღე ბელგიისა და კანადის ეროვნული ნაკრებების მატჩით დაიხურა. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
თამაში კანადელთა აქტიურობით დაიწყო. შეხვედრის მე-8 წუთზე მათ პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს - იანიკ ფერეირა-კარასკოს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. "წითლების" დაწინაურება მათმა მთავარმა ვარსკვლავმა, ალფონსო დევისმა ითავა, თუმცა მიუნხენის "ბაიერნის" ფლანგელის დარტყმული ბურთი ტიბო კურტუამ იოლად უკუაგდო. სხვათა შორის, ფონზის რომ ეს შანსი გამოეყენებინა, კანადა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ისტორიაში პირველ გოლს იზეიმებდა, მაგრამ ეს ზეიმი კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდებული პენალტი კანადის ნაკრებისთვის დიდი დარტყმა გახლდათ, "ნეკერჩხლის ფოთლები" შემტევ სტილში თამაშს მაინც არ წყვეტდნენ. ასეთმა თავდადებამ გუნდი ლამის კიდევ ერთ პენალტამდე მიიყვანა, თუმცა მსაჯებმა ორ ეპიზოდში საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და კანადელები კიდევ ერთი შანსის გარეშე დატოვეს.
ბელგიას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცა და ეს თამაშის 44-ე წუთზე გააკეთა. რობერ მარტინესის შეგირდებმა ტაიმის მიწურულს ძალიან ლამაზი გოლი შექმნეს - ტობი ალდერვეირელდის უზუსტეს გადაცემას მიჩი ბაჩუაი ეფექტურად გამოეხმაურა. ტაიმი, სადაც კანადა მეტოქეს აშკარად აღემატებოდა, მაინც ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარი, პირველისგან განსხვავებით, ძალიან მოსაწყენი გამოვიდა. ნომინალური მასპინძლები მომენტებს ისედაც ვერ ქმნიდნენ, კანადას კი ძალა მთლიანად გამოეცალა. გარდა ამისა, თამაშიდან მთლიანად გამოთიშეს ალფონსო დევისი, რამაც ჩრდილოელთა იმედები ბოლომდე დაასამარა.
დღეს მოპოვებული გამარჯვებით ბელგიის ეროვნული ნაკრები F ჯგუფს სათავეში უდგება. მაროკო და ხორვატია თითო-თითო ქულით მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ, კანადა კი ბოლო პოზიციაზეა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლიდერებს სწორედ მაროკოსთან ელით ჯახი (17:00), კანადა კი ხორვატებს შეერკინება (20:00). ორივე შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართება.