• 01-12-2022
    F ჯგუფი: ბელგია ჯგუფში ჩარჩა, მაროკო და ხორვატია 1/8ფინალში არიან
    F ჯგუფი: ბელგია ჯგუფში ჩარჩა, მაროკო და ხორვატია 1/8ფინალში არიან
    Aa

    დღეს მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფიდან გამსვლელი გუნდები გავარკვიეთ და შევიტყვეთ, რომ ტურნირს პირველი გრანდიც გამოეთიშა - ბელგიის ნაკრები ჯგუფში რჩება, მერვედფინალში ასპარეზობას კი მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებები გააგრძელებენ.


    მაროკოს ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველობა კანადასთან მატჩში გაინაღდა. ჩრდილოამერიკელებს აფრიკელებმა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 მოუგეს.


    "ატლასის ლომებმა" უპირატესობა ხელთ თამაშის სტარტიდანვე იგდეს. მე-4 წუთზე თავი ლონდონის "ჩელსის" გარემარბმა ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა. ამ გოლიდან ოციოდე წუთში იუსუფ ენ-ნესირმაც შეაგდო, რის შემდეგაც მაროკოელები წინ უკვე ორი ბურთით გავიდნენ.


    კანადის ნაკრებმა ერთი გოლი პირველივე ნახევარში გაქვითეს - ნაიეფ აგერდმა საკუთარი კარი აიღო. ამის მეტი "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ვეღარაფერი გაახერხეს.


    მაროკოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა მოაგროვა და პირველ პოზიციაზე გავიდა. მერვედფინალში იგი E ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. რაც შეეხებათ კანადელებს, ისინი კატარის მუნდიალს 1 ქულის ამარა ემშვიდობებიან.


    დოჰა. "ტუმამა". 43 102 მაყურებელი


    კანადა 1:2 მაროკო 


    გოლები: 0:1 ზიეში (4), 0:2 ენ ნესირი (23), 1:2 აგერი (40, საკ. კარში)


    ჯგუფის მეორე მატჩი გაცილებით დაძაბული გამოდგა. მეორე პოზიციის დასაკავებლად ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა სჭირდებოდა, ბელგიის ეროვნულ გუნდს კი აუცილებლად უნდა გაემარჯვა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ბალკანელთა უპირატესობით დაიწყო. მე-17 წუთზე მათ პენალტის დარტყმის შანსიც მიეცათ, თუმცა ეპიზოდი ვიდეორეფერიმ გადაამოწმა და ენტონი ტეილორის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი გააუქმა.


    ამის მერე ხორვატებს ბევრი შანსი აღარ ჰქონიათ, "წითელმა ეშმაკებმა" კი ხელი მეორე ტაიმში გამოიღეს. განსაკუთრებით ბევრი შანსი "ინტერის" ცენტრფორვარდს, რომელუ ლუკაკუს შეექმნა. ლუკაკუმ ერთ მომენტში ბურთი ძელსაც გაარტყა, კიდევ 3 ეპიზოდში კი საქმე სახიფათო დარტყმამდეც კი ვერ მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციას იგი ყოველთვის კარგად არჩევდა.


    ევროპული დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა 21-ე საუკუნეში, როცა ბელგიელები დიდ ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან ემშვიდობებიან. ისინი კატარის მუნდიალის F ჯგუფში 3 ქულით ამთავრებენ გამოსვლას. ხოლო ხორვატებმა თავი 5 ქულას მოუყარეს, მეორე ადგილზე გავიდნენ და მერვედფინალში E ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდებიან.


    ალ რაიანი. "აჰმად ბინ ალი". 43 984 მაყურებელი


    ხორვატია 0:0 ბელგია


    ხორვატია: ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 90); კრამარიჩი (პაშალიჩი 64), ლივაია (პეტკოვიჩი 64), პერიშიჩი


    ბელგია: კურტუა; დენდოკერი (ტილემანსი 72), ალდერვეირელდი, ვერტონგენი; მუნიე (ე. აზარი 87), ვიტსელი, დე ბრუინი, კასტანიე; ტროსარი (ტ. აზარი 59), მერტენსი (ლუკაკუ 46), კარასკო (დოკუ 72)

    Facebook კომენტარები