• 06-12-2022
    ბრაზილია 4:1 სამხრეთ კორეა - "სელესაო" დაფრინავს
    ბრაზილია 4:1 სამხრეთ კორეა - "სელესაო" დაფრინავს
    Aa

    ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. "სელესაომ" მერვედფინალში სამხრეთ კორეას ანგარიშით 4:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.


    "პენტაკამპეონებმა" თავიდანვე მძლავრად დაიწყეს. მე-7 წუთზე რაფინიას ჩინებული გადაცემით ვინისიუს ჟუნიორმა ისარგებლა, რომელმაც ბურთი კარში ჩამდგარ რამდენიმე კორეელს შორის ოსტატურად გააძვრინა. აქედან 6 წუთში ბრაზილიელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს - ნეიმარმა მიმდინარე მუნდიალზე თავისთვის პირველი გოლი შეაგდო.


    ტიტეს ბიჭებმა "ვეფხვების" რბევა პირველ ტაიმში სრულად მოამთავრეს. 29-ე წუთზე ულამაზესი კომბინაცია რიჩარლისონმა დააგვირგვინა, 36-ე წუთზე კი ლუკას პაკეტამ შეაგდო. ასისტენტი ვინისიუსი გახლდათ.


    მეორე ნახევარში "სელესაოს" კიდევ ჰქონდა მომენტი. გატანა შეეძლოთ რაფინიას, დანი ალვეშს, თუმცა აზიელებმა მეტი გოლი აღარ გაუშვეს. უფრო მეტიც - 76-ე წუთზე პაიკ სუნგ-ჰომ შორი მანძილიდან გაისროლა და ალისონის კარში შესანიშნავი გოლი შეაგდო. სხვათა შორის, "ლივერპულის" კიპერმა კორეელთა კიდევ რამდენიმე დარტყმა მოიგერია, თორემ იყო შანსი, საბოლოო ანგარიში ასეთი გამანადგურებელი არც ყოფილიყო.


    ბრაზილია მიმდინარე მუნდიალზე კვლავ ყველაზე მძლავრ ნაკრებად მოსჩანს. ამ სტატუსის განმტკიცებას "სელესაო" ხორვატიის წინააღმდეგ ეცდება. ეს მეოთხედფინალური მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.


    დოჰა. "სტადიუმ 974". 43 847 მაყურებელი


    ბრაზილია 4:1 სამხრეთ კორეა 


    გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ნეიმარი (13, პენ), 3:0 რიშარლისონი (29), 4:0 პაკეტა (36), 4:1 პაიკ სინ ხო (76)

    Facebook კომენტარები