• 23-06-2023
    რეკორდის მოხსნის მაგარი შანსი! - 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია
    რეკორდის მოხსნის მაგარი შანსი! - 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია

    ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

    შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

    მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.

    საგულისხმოა, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მაყურებელი 1996 წლის 31 მაისს, ბარსელონაში, ესპანეთი - იტალიის ფინალს დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას 35.500 მაყურებელი ესწრებოდა.

    ქართველ გულშემატკივარებს რეკორდის მოხსნის ძალიან კარგი შანსი აქვს. ამიტომაც ქომაგებმა აუცილებლად უნდა იაქტიურონ.

    სფფ-ის გენერალური მდივანმა, დავით მუჯირმა გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვისკენ მოუწოდა:

    "24 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.

    მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ. 

    დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის.  იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ". - განაცხადა მუჯირმა.

    ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

    შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრას საქართველოს და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებებს შორის 24 425 მაყურებელი დაესწრო.

    Facebook კომენტარები