• 21-02-2024
    ჰუმელსი: "არ მჯერა, რომ ვიდეორეფერის ეპოქაში ასეთი რამ ხდება"
    ჰუმელსი: "არ მჯერა, რომ ვიდეორეფერის ეპოქაში ასეთი რამ ხდება"
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "პსვ ეინდჰოვენთან" ფრე ითამაშა. "ფილიპს არენაზე" გამართულ შეხვედრას სტუმრები დონიელ მალენის გოლით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში წონასწორობა ლუკ დე იონგმა, ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა (1:1).

    თერთმეტმეტრიანი "შავ-ყვითლების" კაპიტნის, მატს ჰუმელსის მიერ საკუთარ საჯარიმოში მალიკ ტილმანის წაქცევის გამო დაინიშნა. მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება მეტად საკამათო გახლდათ, საერთო სურათი კი იმანაც დაამძიმა, რომ ვიდეორეფერიმ მსაჯს ეპიზოდის გადახედვისკენ არ მოუწოდა.

    ჰუმელსმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა.

    "ტვიტერი ამას ელოდება და ტვიტერი ამას მიიღებს. როგორი სამარცხვინო პენალტი დანიშნეს ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ! ვერ ვიჯერებ, რომ VAR-ის ეპოქაში ასეთი და "ჩელსისთან" და "პსჟ-სთან" მატჩებში ნაჩვენები გადაწყვეტილებები მიიღება," - დაწერა მატსმა ტვიტერზე.

    როგორც ხედავთ, 35 წლის გერმანელმა არბიტრების მიერ მათ საწინააღმდეგოდ ჯგუფურ ეტაპსა და გასული სეზონის მერვედფინალში დაშვებული შეცდომებიც გაიხსენა.

    ასეა თუ ისე, ნიდერლანდურ-გერმანული ჯახის პირველი ნაწილი ყაიმით დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს, "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარდება.

    Facebook კომენტარები