

მიხაილო მუდრიკის "ჩელსისთვის" დათმობის შემდეგ, ლონდონის "არსენალი" ახალი გარემარბის ტრანსფერზე გადაერთო და სამიზნედ "ბრაიტონის" ბელგიელი შემტევი, ლეანდრო ტროსარი შეარჩია.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მეთოფეები" ტროსარის შეძენასთან საკმაოდ ახლოს არიან. 28 წლის ფეხბურთელთან კლუბმა კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებები "თოლიებთან" მიმდინარეობს.
არსებობს ვარაუდი, რომ "არსენალი" ლეანდროს ტრანსფერს უახლოეს საათებშივე დახურავს.
"ბრაიტონის" ფლანგელის სავარაუდო ღირებულებად 25 მილიონი ფუნტი სახელდება. რა თქმა უნდა, ტროსარი ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელი არ გახლავთ, მაგრამ მას პრემიერ ლიგაში თავისი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვს და "არსენალში" აუცილებლად მოიტანს იმ სიღრმეს, რომელიც პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ტროსარის მონაგარი 7 გოლი და 2 ასისტი გახლავთ. სხვათა შორის, გაბრიელ მარტინელის, რომელიც "ემირეიტსზე" ბელგიელის მთავარი კონკურენტი იქნება, ანალოგიური მაჩვენებლები აქვს.
აქვე გეტყვით, რომ გარდა ტროსარისა, "არსენალს" ასევე უკავშირებდნენ "ლევერკუზენის" მუსა დიაბისა და "ბარსელონას" რაფინიას.