

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და ექვსგოლიან თრილერში დაამარცხა, ანგარიშით 4:2.
არადა, პირველი ტაიმის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა "ქალაქელებს" არაფერს უქადდა - პირველი ნახევრის ბოლო წუთებში ჯერ დეიან კულუსევსკიმ გაიტანა, შემდეგ კი ემერსონმა. გასახდელში "სიტიზენები" ორბურთიანი ჩამორჩენით გავიდნენ და იმის გააზრება მოუწიათ, რომ დღეს დამარცხების შემთხვევაში, პირველადგილოსან "არსენალს" მათთან უპირატესობის 11 ქულამდე გაზრდის საშუალება მიეცემოდა.
როგორც ჩანს, კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნამ "ცისფრებს" ფრთები შეასხათ და მეორე ტაიმის სტარტზევე მათ მეტოქე უბრალოდ წალეკეს. 51-ე და 53-ე წუთებზე გოლები ხულიან ალვარესმა და ერლინგ ჰოლანდმა შეაგდეს, 63-ე და 93-ე წუთზე კი რიად მაჰრეზმა დუბლი გაიფორმა.
მიუხედავად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისა, "სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაინც ძალიან გაბრაზებული გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა მთელ ორგანიზაციას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
"ჩემს გუნდს ვეღარ ვცნობ. ადრე მათ სირბილისა და ბრძოლის სურვილი ჰქონდათ.
ჩვენმა ფანებმა უნდა გვიბიძგონ, მეტი მოგვთხოვონ, გვიყვირონ: "მიდით, ბიჭებო, ვიცით, რა კარგები ხართ, ეს ისევ უნდა გვაჩვენოთ."
გაგვიმართლა. 10-დან 9 შემთხვევაში ასეთ მატჩს ვერ დაატრიალებ. ამის გაკეთება შეგვიძლია, როგორც "ასტონ ვილასთან" გავაკეთეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს არ გამოვა.
ფეხბურთელები ძალიან კარგად ვარჯიშობენ, მაგრამ არის რაღაც იქ, ღრუბლებში, რომელსაც მილიონ დეტალში ვერ ახსნი და ეს ჩვენ აღარ გვაქვს. ნაპერწკალი გვაკლია.
ცუდად თამაში? არა, ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მაგრამ თუ რამის გაკეთება გვინდა, უნდა დავბრუნდეთ.
მე ვითხოვ რეაქციას მთელი კლუბისგან, მთელი ორგანიზაციისგან. ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ, ყველაფერი კარგადაა... მე არ მინდა კმაყოფილება, "არსენალის" დამარცხება მსურს! თუ ასე ვითამაშებთ, ისინი გაგვანადგურებენ." - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" შორის ჩამორჩენა 5 ქულაა, თუმცა "მეთოფეებს" მანჩესტერულ კლუბზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.