• 23-03-2024
    უსახური სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს - რა შედეგები გვქონდა წარსულში საბერძნეთთან
    უსახური სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს - რა შედეგები გვქონდა წარსულში საბერძნეთთან
    Author of the article
    Aa

    ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე დარჩენილი სამი საგზურიდან ერთ-ერთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები 26 მარტს "დინამო არენაზე" გაითამაშებენ.

    "ჯვაროსნებს" ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ - გუნდს თავისი მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის პირთამდე გავსებული ტრიბუნები კი თავის როლს აუცილებლად ითამაშებენ, თუმცაღა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიანთი კოზირები ბერძნებსაც გააჩნიათ. ერთ-ერთი ასეთი კოზირი ისტორიული გამოცდილება გახლავთ.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ევროპულ ფეხბურთში ძალიან რთულად მოიძებნება საქართველოსთვის იმაზე უხერხული მეტოქე, ვიდრე საბერძნეთია.

    ელადელებს ისტორიაში სულ 9-ჯერ შევხვედრივართ. სტატისტიკა მართლაც რომ შემაშფოთებელია: 2 ფრე და 7 მარცხი.

    პირველად ბერძნებთან 1996 წელს დავმარცხდით, ამხანაგურ შეხვედრაში, ანგარიშით 1:2. ქართველთა ერთადერთი გოლი გოჩა გოგრიჭიანმა მე-15 წუთზე შეაგდო. რაც შეეხება უკანასკნელ წაგებას, იგი 2021 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება. "აჭარაბეთ არენას" ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეგიდით შედგა, მეტოქემ ორი უპასუხო გოლი გაგვიტანა.

    სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

    1996 წლის 8 მაისი - საბერძნეთი 2:1 საქართველო - საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

    1998 წლის 14 ოქტომბერი - საბერძნეთი 3:0 საქართველო - ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპი

    1999 წლის 5 ივნისი - საქართველო 1:2 საბერძნეთი - ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპი

    2005 წლის 26 მარტი - საქართველო 1:3 საბერძნეთი - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

    2005 წლის 12 ოქტომბერი - საბერძნეთი 1:0 საქართველო - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

    2010 წლის 3 სექტემბერი - საბერძნეთი 1:1 საქართველო - ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპი

    2011 წლის 11 ოქტომბერი - საქართველო 1:2 საბერძნეთი - ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპი

    2021 წლის 31 მარტი - საბერძნეთი 1:1 საქართველო - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

    2021 წლის 9 ოქტომბერი - საქართველო 0:2 საბერძნეთი - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

    როგორც ხედავთ, სტატისტიკა კარგს არაფერს გვიქადის, მაგრამ ყველა ნავსი ადრე თუ გვიან ტყდება, სამშაბათი საღამო კი ამისთვის მართლაც რომ იდეალური დრო უნდა იყოს.

    Facebook კომენტარები