• 02-02-2023
    მბაპე "ბაიერნთან" პირველ მატჩს გამოტოვებს
    [/xfgiven_playerads]
    მბაპე "ბაიერნთან" პირველ მატჩს გამოტოვებს
    Aa

    ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში "პარი სენ ჟერმენი" "მონპელიეს" ესტუმრა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 მოიგო.


    ანგარიში პარიზელებმა 55-ე წუთზე გახსნეს - თავი ფაბიან რუისმა გამოიჩინა. 17 წუთში რუისი უკვე ჩინებული გადაცემით გამოირჩა, რომელიც ლეო მესიმ დააგვირგვინა. მასპინძლებმა 89-ე წუთზე არნოდ როდინის მიერ გატანილი გოლით კი გაიბრძოლეს, თუმცა "პსჟ-ს" 16 წლის ფეხბურთელის, ვარენ ზაირ-ემერის გოლმა ყველაფერი დაასრულა.


    მიუხედავად აღებული 3 ქულისა, პარიზული გუნდისთვის ეს მატჩი მეტად უიღბლო გამოდგა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ შეხვედრის 21-ე წუთზე ტრავმა მიიღო კილიან მბაპემ, რომელსაც მოედნის დატოვებაც მოუხდა.


    გუნდის თავკაცის, კრისტოფ გალტიეს თავდაპირველი დაკვირვებით, დაზიანება სერიოზული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს განსხვავებული ცნობები გავრცელდა.


    "პარი სენ ჟერმენის" მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის მეგავარსკვლავს 3 კვირით მოუწევს უქმობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი პარიზელებს ვერ დაეხმარება საფრანგეთის თასზე "მარსელთან" და ლიგა ერთში "ლილსა" და "მონაკოსთან" შეხვედრებში.


    რაც ყველაზე მთავარია, თითქმის გამოირიცხა მბაპეს მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩშიც, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" 14 თებერვალს შედგება და თუ კილიანის გამოჯანმრთელების პროცესი მოულოდნელად არ დაჩქარდა, "პსჟ-ს" თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში.


    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში მბაპეს მონაგარი 25 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები