• 17-03-2023
    "ემიუს" ესპანური გასეირნება გრძელდება - ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები
    [/xfgiven_playerads]
    "ემიუს" ესპანური გასეირნება გრძელდება - ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები
    Aa

    შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს ევროპა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა.


    უკვე გამოიკვეთა ნახევარფინალის სუპერწყვილის კონტურები. "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირის ექვსგზის ტრიუმფატორ "სევილიას" დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე კი ტურინის "იუვენტუსსა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის უმჯობესი იქნება.


    სხვათა შორის, "სევილიას" "ემიუსთან" არასდროს წაუგიათ. მანჩესტერელებს მათ ბოლოს 2020 წელს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში მოუგეს.


    "ეს რთული იქნება. "სევილიას" ევროპა ლიგა ბევრჯერ აქვს მოგებული და გამოცდილი გუნდია. გუნდს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია. "სევილიასთან" შეხვედრას ახლა არ ველოდები. ჯერ სანაკრებიო პაუზაა, შემდეგ კი პრემიერ ლიგის 3 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. "სევილიაზე" საკონცენტრაციოდ დრო მერეც გვექნება," - თქვა "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა.


    "იუვენტუსისთვის" ევროპა ლიგა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან სერია ა-ში 15 ქულის ჩამოკლებამ "ზებრებს" ჩემპიონთა ლიგაზე შიდა ჩემპიონატის გზით მოხვედრის შანსი მოუსპო. უეფას რანგით მეორე ტურნირის მოგება მათ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მაინც მოუტანთ, ამიტომ "ბიანკონერი" "არსენალის" მძლეველი "სპორტინგის" გასავლელად ყველაფერს გაიღებს.


    მეოთხედფინალში ვიხილავთ კონფერენს ლიგის გასული სეზონის ფინალის განმეორებასაც. ჟოზე მოურინიოს "რომა" ისევ "ფეინოორდს" შეერკინება. მათი ბოლო ჯახი რომაელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.


    ბოლო წყვილი კი "ბაიერ ლევერკუზენისა" და "უნიონ სენტ ჟილისაგან" შედგება. ჩაბი ალონსოს გუნდმა მერვედფინალში "ფერენცვაროშს" მოუგო, ბელგიელებმა კი "უნიონ ბერლინის" ბარიერი გაიარეს.


    წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება (11 აპრილი - 18 აპრილი):


    მანჩესტერ იუნაიტედი - სევილია


    იუვენტუსი - სპორტინგი


    რომა - ფეინოორდი


    ლევერკუზენი - სენტ ჟილი


    როგორც უკვე გითხარით, ცნობილია ნახევარფინალების განრიგიც (11 მაისი - 18 მაისი):


    მანჩესტერ იუნაიტედი / სევილია - იუვენტუსი / სპორტინგი


    რომა / ფეინოორდი / ლევერკუზენი / სენტ ჟილი


    Facebook კომენტარები