

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. "ქალაქელებმა" გუშინ "ბარნლის" უმასპინძლეს და მეტოქე გაანადგურეს, ანგარიშით 6:0.
კვლავ გამორჩეული იყო "სიტიზენთა" ნორვეგიელი ცენტრფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. სტუმრების კარი 22 წლის ცხრიანმა 32-ე, 35-ე და 59-ე წუთებზე აიღო. დუბლი შეასრულა ხულიან ალვარესმა, ერთი გოლიც კი კოულ პალმერის ანგარიშზეა.
ჰოლანდმა მოედანი გუშინაც ნაადრევად დატოვა - პეპ გვარდიოლამ იგი 63-ე წუთზე პალმერით შეცვალა. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა ერლინგი ბრწყინვალე თამაშს ატარებს, თუმცა ესპანელი სპეციალისტი მას 90 წუთს მაინც არ ათამაშებს. რა გასაკვირია, რომ მატჩის შემდეგ გვარდიოლას ამის შესახებ ჰკითხეს.
"ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ ასოციაციის თასზე მესის რეკორდი არ მოეხსნა.
ჩემი ფეხბურთელების დასჯას ვცდილობ. ჩემი განზრახვა ეს არის... ვიცი, რომ ერლინგს ეს არ ადარდებს. ის ძალიან პოზიტიური ადამიანია. ოპტიმისტია. არასდროს წუწუნებს," - თქვა გვარდიოლამ.
ცხადია, ამ ხუმრობით პეპი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ შეთქმულების თეორიას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერლინგი "ლაიფციგთან" მატჩში ბოლომდე იმიტომ არ ათამაშეს, რომ მეექვსეჯერ არ დაემწუხრებინა გერმანელები და ლეო მესის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რეკორდი არ მოეხსნა.
"სიტისთან" ერთად, ასოციაციის თასის ნახევარფინალშია "შეფილდ იუნაიტედიც". სხვა ნახევარფინალისტები "ბრაიტონი" - "გრიმსბი ტაუნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემის" მატჩებიდან გაირკვევა.