

ლონდონის "ტოტენჰემმა" ინგლისის პრემიერ ლიგაში ქულები ისევ დაკარგა. გუშინდელი მატჩის 77-ე წუთისთვის "დეზები" "საუთჰემპტონს" ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა თეო უოლკოტმა და ჯეიმს უორდ-პრაუსმა მათ გამარჯვების საშუალება არ მისცეს.
"ჰოთსპურისგან" არასტაბილურობა აღარავის უკვირს, თუმცა ეს შეხვედრა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. მიზეზი ანტონიო კონტე და მისი მატჩისშემდგომი პრესკონფერენციაა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა თავისი კლუბი ძალიან მძაფრად გააკრიტიკა.
"ჩვენ გუნდი არ ვართ. ჩვენ ვართ 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის. ვხედავ ეგოისტ მოთამაშეებს. ვხედავ მოთამაშეებს, რომლებსაც ერთმანეთის დახმარება და მაქსიმალურად დახარჯვა არ უნდათ.
რატომ? იმიტომ, რომ ისინი ამას მიჩვეულნი არიან. ისინი არ თამაშობენ რაღაც მნიშვნელოვნისთვის. მათ არ უნდათ წნეხის ქვეშ თამაში.
ასე უფრო მარტივია. ეს "ტოტენჰემის" ისტორიაა. 20 წელია, რაც გუნდს ეს მფლობელი ჰყავს და მათ არაფერი მოუგიათ. რატომ? დამნაშავე მხოლოდ კლუბია, ან ყველა ის მწვრთნელი, რომელიც აქ რჩება. მინახავს მწვრთნელები, რომლებიც "ტოტენჰემის" სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
რას მივაღწევთ, თუ კლუბში ასეთი სიტუაცია და დამოკიდებულება შენარჩუნდება? მე-7 ადგილი? მე-8? თუ ასე უნდათ, რომ გააგრძელონ, მწვრთნელის შეცვლაც მოუწევთ, მაგრამ დამიჯერეთ, სიტუაციას ეს არ შეცვლის," - თქვა კონტემ მატჩის შემდეგ.
იტალიელ სპეციალისტს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ უკვე დაიწყო პრესაში საუბარი იმის შესახებ, რომ ამ გამოსვლის გამო, ანტონიოს ახლავე დაითხოვენ, "სპურსს" კი დროებითი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში.
ერთადერთი ტურნირი, რომელზეც ლონდონური კლუბია შემორჩენილი, ინგლისის პრემიერ ლიგა გახლავთ. სატურნირო ცხრილში "ტოტენჰემი" მე-4 პოზიციას იკავებს და მეხუთეადგილოსან "ნიუკასლს" 2 ქულით უსწრებს, თუმცა "ჯორდებს" ორით ნაკლები მატჩიც აქვთ ჩატარებული.