• 30-06-2023
    ტრანსფერთან 1 ნაბიჯში - რას უპირებს "ბარსა" გიულერს
    ტრანსფერთან 1 ნაბიჯში - რას უპირებს "ბარსა" გიულერს

    როგორც წუხელ გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ სტამბოლში ჩაფრინდა, რათა "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ტალანტის, არდა გიულერის ტრანსფერი დაეხურა.

    პორტუგალიელის ვიზიტმა "ბარსა" წარმატებას დაახლოვა, რაზეც დღეს Sport-მა დაწერა.

    ესპანური გამოცემის მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ახლა არდას შეძენასთან ყველაზე ახლოს მდგომ კლუბად იქცნენ. სამივე მხარე შეთანხმებისკენ მიიწევს და მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი, რათა ოპერაცია რეალობად იქცეს.

    "ბარსელონა" გიულერის ტრანსფერს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თურქი ნახევარმცველი 1 სეზონით კიდევ "ფენერბაჰჩეში" დარჩება. კლუბს ტალანტის დარეგისტრირება ახლა არ შეუძლია, რაც "ბარსას" აიძულებს, არდა სტამბოლში 1-წლიანი იჯარით დატოვოს.

    ცნობისთვის, გიულერის გამოსასყიდი თანხა 17.5 მილიონ ევროს შეადგენს.

    გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში არდამ 6 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები