გავრცელებული ინფორმაციით, რაჰიმ სტერლინგი მზადაა შეუერთდეს ახალ კლუბს მას შემდეგ, რაც მისი კარიერა "ჩელსიში" ფაქტობრივად დასრულდა.
თავდაპირველად, სტერლინგის მომავალი კლუბში ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც ის "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ენცო მარესკამ განაცხადს მიღმა დატოვა. The Standard-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი აღიარებს, რომ მისი კარიერა "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულებულია. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაჰიმი ხუთშაბათს, უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ვიხილოთ, რომელსაც "ლურჯები" "სერვეტის" წინააღმდეგ გამართავენ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გარემარბი სხვა კლუბების წინადადებებს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მოუსმენს. თუმცა, მისი ტრანსფერი ადვილი სულაც არ იქნება, ვინაიდან, ინგლისელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 3 წლით აკავშირებს. ამას ემატება მისი საკმაოდ სოლიდური ხელფასი "ჩელსიში", რომელიც კვირაში 300,000 ფუნტია. გარდა ამისა, საუდის არაბეთის მხრიდან ინტერესი სტერლინგმა უკვე უარყო.
მარესკამ პარასკევის ვარჯიშის შემდეგ საუბარში სტერლინგს აცნობა, რომ "ჩელსი" პრიორიტეტს სხვა მოთამაშეებს ანიჭებს და რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ ის გუნდს დატოვებს. ეს ყველაფერი კი იმის შემდეგ, რაც "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ინგლისელი გარემარბის კლუბში დარჩენა მას ძალიან სურს.