დღეს სერია ა-ს მე-5 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრება.
ჩვენი ყურადღება, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელიც სეზონს მშვენივრად იწყებს.
ქართველს დიდ ყურადღებას აქცევენ იტალიელი ჟურნალისტები, რომლებმაც "იუვეს" თავკაცს, ტიაგო მოტას ხვიჩას მიმართ განზრახ უხეშობაზე ჰკითხეს:
"მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭები მოედანზე წესების დასარღვევად არ გადიან. შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ. მათ ყოველთვის ფეხბურთის თამაში უნდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ისინი არასოდეს არ "ყვინთავენ", ფეხზე დგომას, თამაშს და ფეხბურთის პატივისცემას ცდილობენ.
ჩემს ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ, სხვებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უხეშობა დაუშვებელია. გარკვეულიდროის წინ ასეთი რამეები ხდებოდა, მაგრამ ახლა VAR-ია და პრობლემა გამოსწორებულია. შეიძლება დროის გაყვანაზე ვიმსჯელოთ, ეს გადასაწყვეტია.
სიმულაცია - ეს სხვაა. ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში მივედით - მიუღებელი ფოლებიდან დაწყებული, ნებისმიერი მინიმალური კონტაქტის შედეგად "გაფორმებით" დამთავრებული, რომელიც ძალიან თეატრალური ხდება და თამაშისთვის სასარგებლო არ არის. ამაზე ყველანი ვმუშაობთ, რათა თამაშს პატივი ვცეთ და გულშემატკივრებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.