• 19-07-2023
    “მექვაბიშვილი და მარუშიჩი გუნდთან ერთად იქნებიან” - ჭიაბრიშვილი მატჩის წინ
    “მექვაბიშვილი და მარუშიჩი გუნდთან ერთად იქნებიან” - ჭიაბრიშვილი მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შინ “ასტანას” მიიღებს.

    მატჩის რომ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “თამაშის სურათი არ შეიცვლება, ასტანა თავის თამაშს ითამაშებს. მათი სტილი შესწავლილი გვაქვს. ამ გუნდმა ორი ახალი მოთამაშე დაიმატა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის.

    მექვაბიშვილი და მარუშიჩი ასი პროცენტით მზად არ არიან სათამაშოდ, მაგრამ გუნდთან ერთად იქნებიან. რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძეს, მას სერიოზული ტრავმა აქვს. ამ და მომდევნო რამდენიმე მატჩში ვერ დაგვეხმარება.

    მოისწრაფიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მას საკმარისი სათამაშო დრო ნამდვილად აქვს. ყველა მოთამაშეს  ვაძლევ შანსს. ერთ მატჩში თუ სხვა ითამაშებს, მეორეში  სხვა.

    პირველი მატჩი ჩვენთვის რთული იყო, სრულიად სხვა ტიპის მოედანზე გავედით და ადაპტირებული არ ვიყავით. რაღაცების გადაბრალება არ მიყვარს და მინდა, რომ პირველი ტაიმის ცუდი თამაში ამ ყველაფერს დავაბრალო. ასტანას ხვალ არამგონია ბუნებრივ საფარზე თამაში გაუჭირდეს. ორივე გუნდი მაღალი დონისაა. ასტანა ევროტურნირებზე გამოდიოდა, ასევე მათ თავიანი ქვეყნების ეროვნული ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვთ. ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 23 წელია. ახალგაზრდული ჟინი და მოძრაობა განსაკუთრებით მეორე ნახევარში გამოგვადგება.

    გიორგი ლორიას გადმოსვლა ჩემი ერთწლიანი კარიერის მანძილზე, რაც დინამოში ვარ, ყველაზე სასიამოვნო ტრანსფერია. ამ საქმის მოგვარება პირადად რომან ფიფიამ აიღო თავის თავზე. კარგი იქნება, თუ შევძლებთ და მსგავს ტრანსფერებს განვახორციელებთ.

    ესაა ტურნირი, რომელიც გავარდნაზეა და თერთმეტმეტრიანების სერიაზეც ვმუშაობთ. სუპერთასის მატჩი ფორმის აღდგენაში დაგვეხმარა, ვინაიდან დიდი წყვეტა იყო ევროპის ჩემპიონატის გამო. ეს ორი შეხვედრა ძალიან წაგვადგა და ხელი შეგვიწყო. პენალტის დარტყმა მარტო ტექნიკა არ არის, საჭიროა უდიდესი ფსიქოლოგიური მზაობა და მენტალურად მდგრადობა”. - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

    Facebook კომენტარები