• 26-06-2022
    ეროვნული ლიგა-მე-19 ტური (მიმოხილვა)
    ეროვნული ლიგა-მე-19 ტური (მიმოხილვა)

    საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტური 24 ივნისს გორში "დილასა" და "გაგრას" მატჩით გაიხნსა. მასპინძლები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა უგპირატესობისდა მიუხედავად შეხვედრის პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაგრელები მათე ვაწაძემ დააწინაურა. დრო სტუმრებზე მუშაობდა, მაგრამ "დილას" ვაგნერ გონსალვეში მხსნელად მოევლინა და 88-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმით საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.


    ცხრილის სათავეში მყოფი ბათუმის "დინამო" შინ "სიონს" დაუხვდა. მატჩის პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში კი ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე გასროლას ფლამარიონ ჯოვინომ დუბლი მიაყოლა და შავიზღვისპირელებმა ბოლნისელები 3-0 დაამარცხეს.


    დიდ ინტერესს "საბურთალოსა" და "სამგურალის" შეხვედრაც იწვევდა. წყალტუბოელები ბოლო პერიოდის განმავლობაში მშვენივრად გამოიყურებოდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაც ჰქონდათ, თუმცა ჯერ წინა ტურში "დილასთან," ხოლო გუშინ "საბურთალოსთანაც" დამარცხდნენ. თბილისელებმა უპირატესობები კარგად გამოიყენეს, გოჩოლეიშვილის, მიოჩისა და სიხარულიძის გოლებით მეტოქე 3-1 დაამაცხეს. "სამგურალის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჯეფერსონ ჯერალდო გახლდათ.


    ტურის ცენტრალურ მატჩს "დინამო არენამ" უმასპინძლა. ქართულ დერბიში თბილისის "დინამომ"  "ტორპედოს" უმასპინძლა და პირწმინდად აჯობა. საქარველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქუთაისელებს ხუთი ბურთი გაუტანა, აქედან ორი სტანისლავ ბილენკის, თითო კი თორნიკე კირკიტაძის, უსმანე კამარასა და დავით სხირტლაძის ანგარიშზეა. სტუმრების მხრიდან ერთი ბურთის გაქვითვა ლევან მჭედლიძემ შეძლო. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებიან და ბოლო ორ ტურში მათ ანგარიშზე 10 გატანილი ბურთია.


    მე-19 ტურის უკანასკნელი მატჩი საგურამოში შედგება, სადაც "ლოკომოტივი" "თელავს" უმასპინძლებს.

     

     

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა