• 09-10-2023
    დროა მამარდა უკეთეს გუნდში გადავიდეს - ტოპ 5 კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარისთვის
    დროა მამარდა უკეთეს გუნდში გადავიდეს - ტოპ 5 კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარისთვის
    Author of the article
    Aa

    ესპანური "ვალენსია" ლა ლიგის ახალ სეზონს მძიმე ბრძოლებით იწყებს. "ღამურები" სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს ხოლმე. განსაკუთრებით მძიმე სურათი დაცვის ხაზში გვაქვს, რაც გაშვებულ გოლებში პირდაპირ აისახება - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

    ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი გოლკიპერისთვის ეს "მესტალიაზე" მართლა ბოლო სეზონია. ბევრს ეგონა, რომ მამარდა ვალენსიიდან გასულ ზაფხულსვე აიბარგებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. გიორგის "ლოს ჩეში" კიდევ ერთი წლით უწევს დარჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ გუნდში იგი მეტად დაღვინებული გადავა.

    აქ გთავაზობთ 5 გრანდს, რომელთაგან ნებისმიერში გადაბარგებაც მამარდაშვილისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა.

    ბაიერნი

    მიუნხენურ გრანდს გიორგის რამდენიმე კვირის წინაც უკავშირებდნენ. "რეკორდმაისტერმა" "ვალენსიას" მოთხოვნილი თანხის გადახდა არ ისურვა და სეზონი 35 წლის მეკარეს, სვენ ულრაიხს ანდო, სათადარიგო გოლკიპერად კი ისრაელელი დანიელ პერეცი შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მანუელ ნოიერიც მალე დაბრუნდება, "ალიანს არენაზე" პირველი მეკარის პოზიციისთვის ჯოჯოხეთური კონკურენციის გაჩაღებას უნდა ველოდოთ, მაგრამ გიორგის გამოწვევების ნამდვილად არ ეშინია.

    მანჩესტერ იუნაიტედი

    "წითელმა ეშმაკებმა" ანდრე ონანაში 51 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ამას შეიძლება უკვე ნანობდნენ. კამერუნელი კიპერი მანჩესტერულ კარიერას საზარლად იწყებს და მისი შემცვლელის მოყვანა კლუბს შეიძლება იმაზე გაცილებით მალე დასჭირდეს, ვიდრე წარმოიდგენდა. მართალია, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი მოთხოვნა მეკარისგან ფეხით ლამის ნახევარმცველის დონეზე თამაშია, რაც მამარდაშვილის უძლიერესი მხარე ნამდვილად არაა, თუმცა გვახსოვდეს ისიც, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი "ემიუში" შესაძლოა დიდხანს აღარც გააჩერონ, გიორგი კი მანკუნიელთა ყოფილი სამიზნეა.

    იუვენტუსი

    33 წლის ვოიცეხ შჩესნი ნელ-ნელა რეგრესირებს. "სასუოლოსთან" მატჩში პოლონელის დაშვებული შეცდომა ალბათ ყველამ ნახეთ. ამ ყველაფრის ფონზე, "იუვენტუსმა" რომ ახალგაზრდა მეკარის მოყვანაზე იზრუნოს, მოულოდნელობა საერთოდ არ იქნება. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამარდაშვილი მათ სიაში აუცილებლად მოხვდება, თანაც - მოწინავე პოზიციებზე.

    ნაპოლი

    ნეაპოლურ კლუბში ახლა ისეთი სიტუაციაა, ბევრი იქ არა თუ მეორე ქართველის მიყვანას, არამედ პირველის სხვაგან წასვლას ისურვებდა, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ "პარტენოპეიში" მალე ყველაფერი დალაგდება, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ერთ გუნდში თამაშის წინააღმდეგნი ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. აღვნიშნოთ ისიც, რომ "დიეგო მარადონაზე" გიორგის ისეთი კონკურენტები სულაც არ დახვდებიან, რომელთა დაჩაგვრა მისთვის განსაკუთრებულ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს.

    ატლეტიკო

    ზაფხული არ ჩაივლის ისე, რომ "როხიბლანკოდან" იან ობლაკის შესაძლო წასვლაზე არ დაიწეროს ხოლმე. 30 წლის სლოვენიელი ახლაც "ატლეტიკოშია", თუმცა, ალბათ, მალე დადგება ის დრო, როდესაც "ვანდა მეტროპოლიტანოს" დატოვებს. თუ ეს მომდევნო ზაფხულს მოხდა, გიორგი მამარდაშვილის "ინდიელებში" გადასვლის შანსი საკმაოდ მაღალი იქნება, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდს "ვალენსიას" კარის დარაჯს ადრეც უკავშირებდნენ.

    Facebook კომენტარები