• 15-10-2023
    "პირველ ტაიმში რამდენიმე მოთამაშე იყო ვინც ფეხბურთის თამაშს ცდილობდა" - ვილი სანიოლოს პრესკონფერენცია
    "პირველ ტაიმში რამდენიმე მოთამაშე იყო ვინც ფეხბურთის თამაშს ცდილობდა" - ვილი სანიოლოს პრესკონფერენცია

    საქართველოსა და კვიპროსის მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩი და ფეხბურთელები შეაფასა:

    "ჩაკვეტაძე? პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო, ვინც ცდილობდა, თავისი ფეხბურთი ეჩვენებინა. ამ პერიოდში ის და ხვიჩა ერთმანეთთან უფრო ახლოს მოქმედებდნენ და ეს დაცვაში კომპაქტურად მყოფ კვიპროსელ მცველებს საქმეს უადვილებდა. მეორე ტაიმში მან უფრო სწორად დაიწყო მოძრაობა და ძალიან კარგად ითამაშა. მას ყოველთვის ვიძახებდი, რთულ პერიოდებშიც კი. ახლა სულ სხვა ფეხბურთელს ვხედავთ. ინგლისში გადასვლის შემდეგ, შრომის შედეგად, მისი წინსვლა აშკარაა"

    "იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ფლანგზეა. ამ სისტემაში მთავარია ინტენსიურად მოქმედება. მეორე ტაიმში შევნიშნეთ, რომ კვიპროსი მარჯვენა მხარეს უფრო სუსტად იცავდა და ამ მიმართულებით შევუტიეთ. ფეხბურთელები თავადაც ხვდებიან, საიდან ჯობია შეტევა" 

    "ზურიკო ძალიან კარგად შემოვიდა და ზუსტად ის გააკეთა, რაც ნაკრებს სჭირდებოდა. მან ბრწყინვალე განწყობა აჩვენა, რადგან ფეხბურთელები ამაყები არიან და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უყვართ. ზურიკოს ეს არ ემჩნეოდა და დავალებები ზუსტად შეასრულა" 

    "შენგელია უფრო შემტევი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს სისტემაში, 3-5-2-ში სერიოზული ფიზიკური მომზადება სჭირდება. ის დღეს ძალიან კარგად გამოვიდა მოედანზე. მიხარია, ამ პოზიციაზე მეტი ვარიანტი და დიდი კონკურენციაა" 

    "დავითაშვილის ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ერთი შემტევი ნახევარმცველი გვყავდა და ბევრს წინ ვერ დავაყენებდი" 

    "მიქაუტაძე და ზივზივაძე კლუბებში ცოტას თამაშობენ და მათი რესურსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ჩემი ჩანაფიქრი იყო, პირველ ტაიმში ზივზივაძეს მცველები დაეღალა, მიქაუტაძე კი მეორე ნახევარში სივრცეებს უკეთ გამოიყენებდა“, - განაცხადა ფრანგმა    

    Facebook კომენტარები