• 24-11-2023
    “ნაკრების მაისურით გოლის გატანა ყოველთვის სასიხარულოა” - ინტერვიუ საბა მამაცაშვილთან
    “ნაკრების მაისურით გოლის გატანა ყოველთვის სასიხარულოა” - ინტერვიუ საბა მამაცაშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე ჩრდ.მაკედონიას ესტუმრა და ანგარიშით 0:1 იმარჯვა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი საბა მამაცაშვილი გახდა.

    საბა თბილისის “საბურთალოს” აღზრდილი გახლავთ, მიმდინარე სეზონში კი “გაგრას” ღირსებას იცავს, სადაც 12 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

    21 წლის ფეხბურთელის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება გახლავთ.

    Footballnews საბას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?

    – ამ ეტაპზე ვარ ძალიან კარგ ფორმაში, რაც შედეგზეც ისახება და შეუდარებლად ვგრძნობ თავს. 

    – ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ შეხვედრას როგორ შეაფასებ?

    – საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო, ორივე ტაიმის განმავლობაში ძალიან ხისტი თამაში მიმდინარეობდა. ეს შედეგიც იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და დავბრუნდით 3 ქულით.

    – შენი გოლის წყალობით გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, რა გრძნობა დაგეუფლა ამ დროს?

    – ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, ორმაგად გამაბედნიერა იმან, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანე. გოლის გატანა ყოველთვის სასიხარულოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაცვია ნაკრების მაისური და ქვეყანას აბედნიერებ.

    – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად?

    – ვფიქრობ, რომ შანსები გვაქვს. საკმაოდ რთულ კონკურენციას გავუწევთ ყველა გუნდს და ბოლომდე დავიხარჯებით მოედანზე. როგორც ჩემში, ასევე ბიჭებში ვარ სრულიად დარწმუნებული.

    – საკმაოდ ძლიერ ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-2 ადგილს იკავებთ, რისი წყალობით მოახერხეთ ეს ყველაფერი?

    – რა თქმა უნდა, მწვრთნელის მითითებების და დავალებების შესრულებით, ბიჭების შრომით და თავდადებით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ წინა შეხვედრებში დამამთავრებელ ფაზაში არ გაგვიმართლა.

    – ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახალი გუნდი ხართ შეკრებილი, როგორ მოახერხეთ ადაპტაცია?

    – ჩვენი მოკლე ვადიანი შეკრებების მიუხედავად, საკმაოდ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და გუნდშიც იგრძნობა ოჯახური სიტუაცია.

    –  მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს როგორ დაახასიათებდი?

    – ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, თავისი ფილოსოფია აქვს და დიდ ყურადღებას აქცევს სათამაშო დისციპლინას.

    – შენი აზრით რა არის თქვენი გუნდის მთავარი პლუსი?

    – დიდ პლიუსად მივიჩნევ ჩვენ გუნდურ თამაშს, ურთიერთგაგებას ფეხბურთელებს შორის და იმ სიტუაციას, რომელიც გუნდშია.

    – რას ნიშნავს საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება შენთვის?

    – ნაკრების მაისურის მორგება ჩემთვის დიდი პატივია და ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას საქართველოს და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე.

    – ზოგადად ამპლუით მარცხენა მცველი ხარ, გუნდში კი ნახევარმცველის პოზიციაზე გიწევს თამაში, როგორ შეაფასებ ამ ფაქტს?

    – ბავშვობიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, კლუბში ფეხბურთელის ტრამვის გამო მომიწია ნახევარმცველის პოზიცია შემეთავსებინა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ როგორც ხედავთ, გაამართლა.

    – საკლუბო კარიერასაც რომ შევეხოთ, როგორ გრძნობ გაგრასთან ერთად თავს და რა იქნება თქვენი მიზანი?

    – გაგრას რაც შეეხება მისვლისთანავე დამხვდა კარგი და თბილი გარემო, ხოლო მიზნებს რაც შეეხება ამ ეტაპზე ვიბრძვით crystalbet ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის.

    – რას გეგმავ სეზონის შემდეგ, დარჩები გაგრაში, დაბრუნდები საბურთალოში თუ სხვა ქვეყანაში აპირებ კარიერის გაგრძელებას?

    – ჯერჯერობით ამ შეკითხვაზე პასუცი არ მაქვს. მაქსიმალურად გადართული ვარ ჩემპიონატზე.

    – შენი საოცნებო კლუბი?

    – ბავშვობიდან ფავორიტი გუნდი ჩემთვის ბარსელონა იყო, მაგრამ ახლა მანჩესტერ სიტის ვანიჭებ უპირატესობას.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ბავშვობიდან მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, ყოველთვის მანიჭებდა მათი წარმატება ბედნიერებას და იმედი მაქვს მომეცემა იმის შანსი, რომ ამის მიღწევაში მეც შევიტანო წვლილი. რა თქმა უნდა, ასევე ევროპის რომელიმე გრანდ გუნდში თამაში.

    Facebook კომენტარები