“ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია” - ინტერვიუ საბა სამუშიასთან “ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია” - ინტერვიუ საბა სამუშიასთან » Footballnews “ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია” - ინტერვიუ საბა სამუშიასთან
  • 28-11-2023
    “ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია” - ინტერვიუ საბა სამუშიასთან
    “ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია” - ინტერვიუ საბა სამუშიასთან

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი წრე წარმატებით განვლო და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

    ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ფეხბურთელი გახლავთ, 17 წლის გარემარბი, საბა სამუშია, რომელმაც კვიპროსის წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა საგოლე მოქმედებები მის თამაშის ხარისხს ზუსტად ვერ გადმოგვცემს. საბა ნებისმიერ შეხვედრაში საკმაოდ აქტიურია და გამწვავებას ცდილობს.


    17 წლის საბა სამუშია თბილისის “დინამოს” ყოფილი მოთამაშე გახლავთ. ვიტალი დარასელიას სახელობის თასის 2023 წლის გათამაშებაში, სადაც არაერთი სახელგანთქმული გუნდი ასპარეზობდა, საბამ შეჯიბრების საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მოიპოვა.


    სამუშიას ბრწყინვალე თამაში Football Talent Scout-მაც არ დატოვა უმეთვალყურეოდ და მას ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

    ზაფხულში სამუშიამ კლუბი გამოიცვალა და თემურ ქეცბაიას რეკომენდაციით კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ გუნდში, ფამაგუსტა “ანორთოსისში” ჩაირიცხა. 


    17 წლის მოთამაშე ამჟამად “ანორთოსის” მთავარ გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება მომდევნო შეხვედრებისთვის.

    საბა სამუშია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ქართველ გულშემატკივარს მისი დიდი იმედი აქვს.

    Footballnews.ge საბას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?

    – კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმია, თავს კარგად ვგრძნობ ახალ გუნდში. დადებითად შევაფასებ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას.

    – ელიტ რაუნდში მოახერხეთ მოხვედრა, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?

    – ელიტ რაუნდს რაც შეეხება, ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია გუნდს.

    – მოლდოვასა და კვიპროსის ნაკრებს დამაჯერებლად სძლიეთ, რის ხარჯზე მოახერხეთ ეს ყველაფერი?

    – საკმაოდ რთული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ კარგად გვქონდა მათი სუსტი და ძლიერი მხარეები შესწავლილი, სტაფის და ფეხბურთელების შრომის წყალობით გავედით ელიტ რაუნდში.

    – კვიპროსის წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც შეასრულე, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?

    – ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი საგოლე გადაცემით დავეხმარე ჩემს გუნდს, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავსულიყავით.

    – რას ნიშნავს შენთვის 19-წლამდე ნაკრებში თამაში?

    – ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნის მაისურით გიწევს თამაში და მე ეს მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო, რათა ეროვნული ნაკრების მაისურით ვითამაშო. 

    - რას ელოდებით ელიტ რაუნდში და რა გეგმები აქვს გუნდს?

    – ჯერ არა არის გადაწვეტილი ვის ვხვდებით ელიტ რაუნდში. 7 დეკემბერს არის კენჭისყრა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმუმს მივაღწიოთ და ჩვენი ქვეყანაა ვასახელოთ.

    – მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს როგორ დაახასიათებდი?

    – მთავარ მწვრთნელს რა თქმა უნდა, დადებითად  დავახასიათებდი, დიდი გამოცდილება აქვს სანაკრებო ასპარეზზე და იცის მისი საქმე უმაღლეს დომეზე.

    – როგორი გარემოა გუნდში?

    – გუნდში არის იდეალური მდგომარეობა.  ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველას გვიხარია ის დრო, როცა სანაკრებო პაუზაა, რათა ერთად მოგვეცეს ვარჯიშის საშუალება. 

    – საკლუბო კარიერასაც რომ შევეხოთ, ანორთოსისში ტრანსფერს როგორ შეაფასებ?

    – დიდი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის. დიდი ნაბიჯი გადავდგი პროფესიონალურ ფეხბურთში. ვცდილობ, რომ თავი დავიმკვიდრო და ყოველდღიურად განვვითარდე, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.

    – როგორ გრძნობ კვიპროსულ გუნდში თავს, როგორ გაიარა ადაპტაციის პროცესმა?

    – ძალიან კარგი გარემოა. ფეხბურთელებიც კარგად დამხვდნენ, მეგობრულად და ადაპტაციაც არ გამიჭირდა. პატარა რომ ვარ ყველა კარგად დამიდგა გვერდში და ყველა რაღაცაში მეხმარებოდა.

    – დინამო თბილისთან ერთად ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მოიგე, რა გამოცდილება მიიღე ამ ტურნირიდან?

    – დიდი გამოცდილებაა ეს ამ ასაკში. საკლუბო დონეზე დიდ გუნდებს ვეთამაშეთ და შევძელით ყველას დამარცხება და მიზნის მიღწევა.

    – ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე საუკეთესო ფორვარდის წოდება მიიღე, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?

    – რა თქმა უნდა, სადაც სევილია, მონცა, ჯენოა და სხვა კარგი გუნდები ასპარეზობენ, იქ საუკეთესო ფორვარდის წოდების მიღება დიდი ბედნიერებაა. სწორედ ამ ყველაფერმა მომცა იმის სტიმული, რომ უფრო მეტი ვაკეთო.

    – სად და როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში?

    – ფეხბურთის თამაში დავიწყე 8 წლის ასაკში, ზუგდიდში ოთარ ძალამიძესთან.

    – როგორ დაინტერესდი ამ სპორტით?

    – სახლში სულ უყურებდნენ ფეხბურთს, როცა პატარა ვიყავი. ბიძაჩემმა შემიყვანა ფეხბურთზე და როცა ვუყურებდი დიდ ფეხბურთელებს, მინდოდა მეც ისეთი ვყოფილიყავი.  

    – ვინ გაძლევს მოტივაციას?

    – მოტივაციას ჩემი ოჯახი მაძლევს.

    – შენს პოზიაზიაზე საუკეთესო მოთამაშედ ვის მიიჩნევ?

    – ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა.

    – შენი საოცნებო კლუბი?

    – ჩემი საოცნებო კლუბია რეალ მადრიდი. 

    – რა არის შენის კარიერის მიზანი?

    – საქართველოს ნაკრებით ევროპის ჩემპიონატის თამაში, საკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგის მოგება. 

    Facebook კომენტარები